ნიუ-ჰემპშირის შტატში ჩატარებული, საკამათოდ ქცეული არჩევნების აუდიტორებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ აუდიტმა, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყურადღება მიიპყრო, დაადგინა, რომ არჩევნების გაყალბების ან პოლიტიკური მიკერძოების სამხილები არ არსებობს.
აუდიტორებმა, რომლებიც ქალაქ ვინდემში ჩატარებულ არჩევნებს იძიებდნენ, თქვეს რომ სჯერათ, ქალაქის მიერ გამოყენებული მანქანა, რომელიც დიდი რაოდენობის დაუსწრებლად ხმის მისაცემ ბიულეტენებს კეცავდა, გახდა იმის მიზეზი, რომ ოთხი საკანონმდებლო ადგილის კანდიდატებს შეცდომით ხმები დაემატა.
ასევე ნახეთ: ტრამპი დემოკრატების მიერ არჩევნების მოპარვის მცდელობაზე საუბრობს
სამი აუდიტორიდან ერთ-ერთმა, მარკ ლინდემანმა, რომელიც ორპარტიული არაკომერციული ორგანიზაცია “ვერიფაიდ ვოუთინგ”-ის თანა-დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, განაცხადა: “გაყალბების ან პოლიტიკური მიკერძოების მტკიცებულება ვერ აღმოვაჩინეთ. არავისგან გამიგია დამაჯერებელი ჰიპოთეზა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაყალბებად ჩაითვალოს ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ.”
ქალაქი დაუსწრებლად ხმის მისაცემი ბიულეტენების გაგზავნის წინ დასაკეცად მანქანას იყენებდა. ბიულეტენების დაბრუნების შემდეგ, მათ დამთვლელ მანქანაში ატარებდნენ. იმის გამო, რომ ზოგიერთი ბიულეტენის გადაკეცვის ხაზი დემოკრატი კანდიდატის სახელზე გადიოდა, ასეთი ბიულეტენები ან გაუქმდა, ან ხმა არასწორად დემოკრატს მიეცა.
აუდიტს მხარი ორივე პარტიის კანონმდებლებმა დაუჭირეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ საკანონმდებლო რბოლაში დამარცხებულმა დემოკრატმა კანდიდატმა კრისტი სენტ ლორენმა ხმების ხელმეორედ დათვლა მოითხოვა. იმ დემოკრატმა კანდიდატმა აჩვენა, რომ საკანონმდებლო რბოლაში რესპუბლიკელები თავდაპირველად დათვლილთან შედარებით, ასობით მეტ ხმას იღებდნენ. სენტ ლორენი აუდიტის მუშაობით კმაყოფილი დარჩა და თქვა: “მათ ძალიან გულდასმით და ძალიან გამჭვირვალედ იმუშავეს და ასევე ნათელია, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა იქონია.”
თუმცა ყველა არ იყო დარწმუნებული, რომ აუდიტი ხმების დათვლის შეუსაბამობის მიზეზს აღმოაჩენდა, ან აუდიტორებმა საკმარისი გააკეთეს იმისთვის, რომ გაყალბება ან სხვა ფაქტორები შეესწავლათ.
“ვისურვებდი რომ ამით არ დასრულდეს. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. თუ ყველაფრის გამოკვლევას და ყველა შესაძლებლობის შესწავლას აპირებ, ჯერ კიდევ უამრავი სამხილია, რომელსაც გამოკვლევა სჭირდება”, თქვა ტომ მიურეიმ, კონტრაქტორმა ვინდემიდან, რომელიც აუდიტს აკვირდებოდა. მან თქვა, რომ “სისტემის სანდოობის ახლა უფრო ნაკლებად სჯერა, ვიდრე აუდიტის დაწყებამდე”.
აუდიტორებმა საბოლოო ანგარიში 45 დღეში უნდა წარმოადგინონ.