ბლინკენი: დღეს აქ ვარ... რათა თავიდან ავიცილოთ ომი

ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე დიდი ომის საფრთხის შესახებ მიმდინარეობდა ხუთშაბათს დისკუსია ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც რუსი დიპლომატიც ესწრებოდა.

„აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ იგი,“- თქვა გაეროში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და იმ შესაძლო სცენარების შესახებაც ისაუბრა, რომლითაც რუსეთი უკრაინაში შეჭრას შეიძლება გეგმავდეს.

ვაშინგტონის ინფორმაციით სცენარი შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განვითარდეს, შეიქმნას საბაბის ფაბრიკაცია, განხორციელდეს ე.წ. ყალბი დროშის ოპერაცია, რომ ის მოსკოვმა უკრაინაზე იერიშის გასამართლებლაად გამოიყენოს.

ასევე ნახეთ: ბლინკენი: რუსი სამხედროები უკრაინაზე თავდახმას სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გეგმავენ

„რუსეთი გეგმავს შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ეს შესაძლოა იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომლითაც რუსეთი უკრაინას დაადანაშაულებს, ან ეს იქნება აღმაშფოთებელი ბრალდება, რომელსაც კრემლი უკრაინის მთავრობას წაუყენებს. არ ვიცით ზუსტად, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ყალბი ე.წ. ტერორისტული აფეთქება რუსეთის ტერიტორიაზე, მასობრივი საფლავის გამოგონილი აღმოჩენა, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ დრონით ისცენირებული დარტყმა, ან ქიმიური იარაღის ყალბი, შესაძლოა რეალური გამოყენება. რუსეთი შეეცდება, ეს მოვლენა აღწეროს, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი,“- თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ასეთი ფონის შექმნის მცდელობა უკვე დაწყებულია. ბლინკენის თქმით, „რუსული მედია უკვე ავრელებს შემაშფოთებელ ცნობებს რათა საზოგადოებაში შფოთი გამოიწვიონ“.

გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლის დროს ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე დიდია და რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის საზღვართან 150 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. აქვე ბლინკენი ამბობს, რომ რუსი სამხედროები საბრძოლო პოზიციებზე იმყოფებიან და შესაძლოა უკრაინაში შეჭრა მალე დაიწყოს.

ასევე ნახეთ: რუსეთი მობილიზაციას აგრძელებს, უკრაინასთან სისხლის ბანკის მარაგს ზრდის

მოსკოვი კი ფაქტების უარყოფას აგრძელებს და კოლეგების მიმართ ეპითეტებს არ იშურებს. ამჯერად კრემლის დიპლომატიურ ლექსიკონში „ისტერია“ „ცირკმა“ ჩაანაცვლა. სწორედ ასე გამოეხმაურა ენტონი ბლინკენისა და სხვა დასავლელი სახელმწიფოების დიპლომატების გამოსვლას რუსი დიპლომატი სერგეი ვერშინინი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვერიშინინმა, საბჭოს მიმართა და თქვა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე „ცირკი“ და „უსაფუძვლო ბრალდებები“ შეეწყვიტათ, „რომ თითქოსდა რუსეთი აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას”.

“ვფიქრობ, ჩვენ საკმარისი სპეკულაციები გვქონდა ამაზე,“- თქვა სერგეი ვერშინინმა.

მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს, რომ გეგმავდა ან გეგმავს უკრაინაში შეჭრას. თუმცა რუსი სამხედროების რაოდენობა უკრაინის საზღვართან იზრდება, გრძელდება წვრთნები როგორც ხმელეთზე, ასვე ზღვასა და ჰაერშიც.

ჯეიმს ქლევერლიმ, ბრიტანეთის მინისტრმა ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, უშიშროების საბჭოს დაუდასტურა, რომ მათი მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ახლა სრულ მზადყოფნაშია. "რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის საჭირო ძალები ჩაიყვანილი ჰყავს და ახლა მზად არის შემდგომი ქმედებისთვის".

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, აქციის ფონზე მიმდინარეობდა. უკრაინელი, ბელარუსი და ქართველი იმიგრანტები ნიუ-იორკში უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.