116 დაღუპული, აქედან 5-ს თავი მოკვეთილი აქვს - ამბოხი ეკვადორის ციხეში

ეკვადორის ციხეში ბანდებს შორის დაპირისპირებამ სულ მცირე 116 სიცოცხლე შეიწირა, 80 ადამიანი კი დაშავდა. ხელისუფლება ამ შემთხვევას ეკვადორის ისტორიაში, ციხეში მომხდარ ყველაზე უარეს ხოცვა-ჟლეტას უწოდებს. ოთხშაბათს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ დაღუპულებს შორის ხუთ გვამს თავი მოკვეთილი აქვს.

ქვეყნის პრეზიდენტმა გუილერმო ლასომ ეკვადორის ციხეების სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც სხვა უფლებამოსილებასთან ერთად, მთავრობას საშუალებას აძლევს საპატიმროებში პოლიცია და ჯარი შეიყვანოს. ხელისუფლებამ სამშაბათს მომხდარი სისხლისღვრა დაუკავშირა ზღვისპირა ქალაქ გაიაქილში, სანაპიროზე მდებარე საპატიმროში მყოფ ბანდებს, რომლებიც საერთაშორისო ნარკო-კარტელებთან არიან დაკავშირებული და საპატიმროში კონტროლის დასამყარებლად იბრძვიან.

პრეზიდენტმა ლასომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ციხეში რაც ხდებოდა, “ცუდი და სამწუხარო” იყო და იმ დროისთვის არ შეეძლო გარანტიის მიცემა, რომ ხელისუფლებამ ციხეზე კონტროლი აღადგინა.

ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ციხეში დაპირისპირება ცეცხლსასროლი იარაღით, დანებით და ბომბების გამოყენებით მოხდა.

ეკვადორის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა, პოლკოვნიკმა მარიო პაზმინიომ თქვა, სისხლიანი დაპირისპირება აჩვენებს, რომ ეკვადორის ციხეების “სტრუქტურაში ტრანს-ნაციონალურმა ორგანიზებულმა დამნაშავეობამ შეაღწია”. მან იქვე დაამატა, რომ მექსიკის სინალოა და ჯელისკო ახალი თაობის კარტელები, ადგილობრივი ბანდების მეშვეობით მოქმედებენ.

ადრე, ყველაზე სისხლიანი დღე თებერვალში იყო, როდესაც ქვეყნის სამ ციხეში ერთდროულად მომხდარ არეულობაში 79 პატიმარი დაიღუპა. ივლისში კიდევ 22 პატიმარი დაიხოცა. სექტემბერში ციხეზე დრონებით თავდასხმა მოხდა, მაგრამ იმ დროს არავინ დაღუპულა.