მეორედ, ბოლო 8 თვის განმავლობაში, "ასტრაზენეკას" მიერ შემუშავებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა შეჩერდა. მიზეზი ცდებში ჩართული ერთ-ერთი ადამიანის ავადმყოფობა გახდა.
რამ გამოიწვია მისი ავადობა, ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა კომპანია ვალდებულია ვაქცინის, რომელიც დასკვნით - მესამე ეტაპზეა, გამოცდა შეაჩეროს. ახლა სპეციალისტებს მოუწევთ დაადგინონ, თუ რის გამო გახდა შეუძლოდ ცდაში მონაწილე ადამიანი და უკავშირდება თუ არა მისი ავადობა კოვიდ19-ის საცდელ ვაქვინას.
ფაქტს ამერიკის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი, ექიმი ენტონი ფაუჩი გამოეხმაურა. ფაუჩი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არსებობს რამდენიმე ფაზა ვაქცინის კვლევისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა ის უსაფრთხო და ეფექტური.
"სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. იმედია, ისინი შეძლებენ კვლევის დარჩენილი პროცესი განაგრძონ. თუმცა, ჯერ ვერ იტყვი, ამას შემდგომი გამოძიება სჭირდება,"- ამბობს ექიმი ფაუჩი.
"ასტრაზენეკა" ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული გიგანტი კომპანიაა. კომპანიის მიერ შემუშავებული ვაქცინა ამ დრომდე ერთ-ერთ წარმატებულ ვაქცინად ითვლება მსოფლიოში, თუმცა ფაქტია რომ ვაქცინის გამოცდის პერიოდში, უკვე მეორედ ხდება მისი შეჩერება.
კომპანია "ასტრაზენეკამ" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ცდებში პაუზა "ჩვეულებრივი მოვლენაა". კომპანიაში ამბობენ, რომ კლინიკურ გამოცდებში მონაწილე ადამიანების ერთობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ნახეთ: კოვიდ19-ის ახალი ცხელი წერტილები ამერიკაში"ასტრაზენეკას" ვაქცინა ბაზარზე დარეგისტრირებულია AZD1222 კოდით და ის კომპანიამ ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნა. კოვიდ19-ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინა კლინიკური გამოცდის მე-3 ფაზაზეა და მისი გამოცდა 30 000-მდე ადამიანზე, რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.
კომპანიაში ამ დრომდე არ საუბრობენ, რა გახდა ექსპერიმენტში მონაწილე პირის ავადობის მიზეზი, თუმცა გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" წერს რომ პაციენტს უკვე დაუსვეს განივი მიელიტის დიაგნოზი. ეს ზურგის ტვინის ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ნერვული უჯრედების მფარავი გარსი (მიელინი). განივმა მიელიტმა შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის დაზიანება.
გამოცემა წერს, რომ ამ დრომდე ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა პაციენტის ავადობა ვაქცინას. თუმცა, პირველად, როცა კლინიკური ცდები ივლისში შეჩერდა, მაშინაც საქმე მიელიტთან ჰქონდათ.
ასევე ნახეთ: მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება"ასტრაზენეკა" არის იმ ცხრა ფარმაცევტულ გიგანტ კომპანიას შორის, რომელიც პირობას დებს, რომ არ მოითხოვს ამერიკის მთავრობის მარეგულირებლისგან ვაქცინის დამტკიცებას მანამ, სანამ ყველა მონაცემი არ აჩვენებს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
უჩვეულო ერთობლივი განცხადება კომპანიებმა მას შემდეგ გააკეთეს რაც გაჩნდა ეჭვი, რომ არსებობს პოლიტიკური ზეწოლის რისკი, კოვიდ19-ის ვაქცინის სწრაფად დამუშავებასა და გამოშვებაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ წარმატებული ვაქცინა შეიძლება მზად იყოს 3 ნოემბრამდე საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე.
კოვიდ19-ის ვაქცინებზე ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატები დებატობენ. მხარეები ერთმანეთს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ.
ასევე ნახეთ: სად იკვეთება პოლიტიკა და ჯანდაცვა - კოვიდ-19-ის ვაქცინაპარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა წყვეტს მოგზაურთა ფართო შემოწმებას საზღვრებზე. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ამ პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ ისინი ემხრობიან ამ გადაწყვეტილებას, რადგან შემოსულ მგზავრებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. სწორედ ამის გამო, საზღვრებზე კოვიდ19-ის კონტროლი შემსუბუქდება.
ასევე ნახეთ: "იუნისეფი" უპრეცედენტო რაოდენობის ვაქცინების წარმოებას ელოდებაგანცხადება ვაქცინებთან დაკავშირებით გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც. ბორის ჯონსონმა კვირის დასაწყისში თქვა, რომ მისი მთავრობა ამბიციურ გეგმას იწყებს და იმედოვნებს რომ ვაქცინა წლის ბოლომდე დამტკიცდება, რაც ბრიტანეთს მისცემს საშუალებას დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ სტილს. აქვე ჯონსონმა დააანონსა, რომ მასშტაბური ტესტირებები დაიწყება კოვიდ19-ზე.
კოვიდ19-ით მსოფლიოში 900 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულია 27 მილიონზე მეტი.