იტალიაში შაბათს გასული ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებად გაიზარდა. ამასთან პირველად დაფიქსირდა იმ პაციენტთა რაოდენობის კლება, რომელთაც ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. ეს ევროპელთა ნაწილს იმედს უჩენს, რომ შესაძლოა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პიკი გადალახა. თუმცა იტალიაში მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე ბევრი - 15 000 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი - მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა დაახლოებით მეოთხედი.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანზა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნება ჯერ კიდევ ადრეა და წინ კვლავ უმძიმესი თვეებია, მათი მიზანი ისაა, რომ "ვირუსთან თანაცხოვრების პირობები შეიქმნას".
ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემზღუდავი მკაცრი ზომები მარტის დასაწყისშივე ამოქმედა და ოფიციალურად ჯერჯერობით 13 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს, თუმცა, სავარაუდოდ, კიდევ გახანგრძლივდება.
“თუკი ჩვენ უკიდურეს სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, მთელი ჩვენი ძალისხმევა წყალში ჩაიყრება“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა.
რობერტო სპერანზა ამბობს, რომ მან ხელისუფლებას ის ხუთი პრინციპი წარუდგინა, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის ე.წ. მეორე ფაზის დაგეგმვა. ეს იმ პროცესს მოიცავს, როდესაც იტალია ვირუსამდე არსებულ პირობებს ეტაპობრივი, შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნით უნდა დაუბრუნდეს.
მისი თქმით, სოციალური დისტანცირების მოთხოვნა ძალაში უნდა დარჩეს, ადამიანებმა კი ფართოდ უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, იქნება ეს ნიღბები თუ სხვა რამ. ამასთან ჯანდაცვის სისტემამ უნდა შეძლოს გაძლიერება და უფრო ეფექტური მკურნალობა. მინისტრი ასევე ამბობს, რომ ტესტირება და კონტაქტების მოძიების ღონისძიებები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან გამოიყენებენ იმ მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ამ კუთხით საჭირო ინფორმაციას მიაწვდის ადამიანებს. "სანამ ვაქცინა ხელისაწვდომი გახდება, შეუძლებელი იქნება ვირუსის ახალი ტალღის გამორიცხვა", - განაცხადა სპერანზამ.