პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს

პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პირველი პირი მსოფლიო ბანკს სტუმრობს

თეთრი სახლის განცხადებით პრეზიდენტმა ობამამ ქართველ კოლეგასთან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისევ მხარს უჭერს. შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში.

ამის მიუხედავად კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი ამბობს, რომ ლიდერები არც ისე კმაყოფილი ჩანდნენ:

ვფიქრობ, შეხვედრის შემდეგ ორივე პრეზიდენტი საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობდა თავს. ყოველ შემთხვევაში, ვიზუალური შთაბეჭდილება ასეთი რჩებოდა.

რა თქმა უნდა, მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. თუმცა, ყველას ყურადღება მიიქცია პრეზიდენტ ობამას ფრაზამ იმის შესახებ, რომ ამერიკა საქართველოს პრეზიდენტისგან ძალაუფლების გადაცემას, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ელოდება. ბოლომდე გარკვევით არ ჩანს, თუ რა იგულისხმა მან ამ წინადადებაში. მაგრამ ბევრმა ეს ისე გაიგო, როგორც მოწოდება სააკაშვილის მიმართ, დატოვოს ოფისი და პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის აღარ იბრძოლოს“.

ბატონი დე ვაალის თქმით ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეხვედრა ორივე ლიდერისთვის საშინაო ინტერესებსაც ემსახურებოდა. ობამას სურდა ეჩვენებინა ოპოზიციისთვის, რომ საგარეო ურთიერთობების ე.წ. „გადატვირთვა“ რუსეთთან საქართველოს ხარჯზე არ მოხდება და ამერიკა კვლავ საქართველოს ერთგულ მოკავშირედ დარჩება. სააკაშვილისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ოვალურ ოფისში ისევ მიეღოთ - აღნიშნავს ექსპერტი.

სამშაბათს პრეზიდენტი სააკაშვილი მსოფლიო ბანკს ეწვია. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონების დირექტორმა, ასად ალამმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი წიგნი საქართველოზე, სახელწოდებით „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურებში - საქართველოს რეფორმების ქრონოლოგია“.

ბატონმა ალამმა ისაუბრა იმ 8 სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც წიგნს უდევს საფუძვლად. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რეფორმები შესაძლოა სახელმძღვანელო გახდეს იმ ქვეყნების ლიდერებისთვის, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას ვერ აღწევენ.

„წიგნის დაწერის იდეა 2010 წლის ივნისში გაჩნდა. ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ შეიცვალა საქართველო დროის მოკლე ინტერვალში. უცხოელისთვის ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო საბაჟოზე. არ შეიძლება არ დაინახო, რომ ქუჩაში მძღოლები მოძრაობის წესებს უფრო იცავენ, შემცირდა წვრილმანი ქურდობის შემთხვევები. კორუფცია აღმოიფხვრა ელემენტარულ საჯარო მომსახურების სფეროებში, როგორიცაა თუნდაც პასპორტის, ან მართვის მოწმობის აღების ეტაპები.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს პრობლემები ჯერ კიდევ მოუგვარებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასშტაბური კვლევა ჩაგვეტარებინა, რათა რეფორმების პროცესი, რომელიც საქართველოში განხორციელდა, დანარჩენი ქვეყნებისთვის სამაგალითო იყოს“ - ამბობს წიგნის ერთ-ერთი ავტორი.

საქართველოს პრეზიდენტი აუდიტორიას მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ფილიპ ლე რუმ წარუდგინა.

პატონმა სააკაშვილმა წინა დღეს ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. და რომ საქართველოსთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებული შეფასება, როდესაც შეერთებული შტატების ლიდერმა ქართულ დემოკრატიას რეგიონში სანიმუშო უწოდა.

შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა დარბაზიდან დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და კაპიტოლიუმში ოფიციალურ შეხვედრებზე დასასწრებად გაეშურა.

http://www.voanews.com/georgian/video/