ვაშინგტონში ბრუკინგსის კვლევითმა ინსტიტუტმა ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ამჟამად კი ასპენის ინსტიტუტის თავმჯდომარეს და გლობალური ეკონომიკის და გეოპოლიტიკის ცენტრის პრეზიდენტს, ხავიერ სოლანას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორების სტაბილურობა, კერძოდ - საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და რუსეთის - პოლიტიკური რეალობა და სამომავლო პერსპექტივები გახლდათ.
„რუსეთს იგივე პრეზიდენტი ჰყავს, მაგრამ ქვეყანაა უკვე სხვა“ - ამ სიტყვებით ბატონმა სოლანამ საუბარი რუსეთის პოლიტიკური რეალობით დაიწყო. დასავლეთის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში მან „პარტნიორობა მოდერნიზაციისთვის“ უწოდა. „ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმალურად რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში რამდენიმე პრინციპული უთანხმოება გაგვაჩნია. დღეისათვის ორ მნიშვნელოვან სამკუთხედს გამოვყოფდი: რუსეთი, დასავლეთი და ირანი და მეორე - რუსეთი, დასავლეთი და სირია. მათ შორის ამჟამად ირანის საკითხი ყველაზე აქტუალურია“, აღნიშნა ბატონმა სოლანამ და დასძინა, რომ რუსეთთან საერთო ენას დასავლეთი სავარაუდოდ ჯერ მხოლოდ სარაკეტო სისტემების საკითხებში გამონახავს.
თურქეთთან დაკავშირებით ბატონმა სოლანამ განაცხადა, რომ მისი სტრატეგიული როლი ევროპის მეზობელ ტერირორიაზე თანდათან იზრდება. „არამარტო დასავლეთთან მიმართებაშია თურქეთი მნიშვნელოვანი, არამედ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის პრობლემატური რეგიონის გამო ის მთელი მსოფლიოსთვის კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს“ - აღნიშნა მან. თუმცა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ კვიპროსთან დაკავშირებით დასავლეთს თურქეთთანაც გარკვეული უთანხმოება აქვს.
რაც შეეხება უკრაინას და საქართველოს, მომხსენებელმა პრეზიდენტ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანა პირადად მისთვის ყველაზე დიდი „იმედგაცრუება“ იყო.
ხავიერ სოლანას აზრით ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესი დაღმავალია და დემოკრატიის ხარისხი რეგიონში თანდათან იკლებს.
“საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია, 2013-ში კი იქ პრეზიდენტს აირჩევენ. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესებს, პირველ რიგში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც იცით, იქ პოლიტიკაში ძალზე შეძლებული ადამიანი გამოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ ოპოზიციური კოალიციის შექმნას მოახერხებს“ - განაცხადა ბატონმა სოლანამ.
საქართველოს და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით დასრულდა, ხავიერ სოლანამ დასავლეთის „დიპლომატიურ წარმატებად“ შეაფასა.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რას შეიძლება ველოდოთ მაისში დაგეგმილი ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან, შეიცვლება თუ არა რაიმე საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესის დინამიკაში, ხავიერ სოლანამ გვიპასუხა:
„რა თქმა უნდა ნატოს სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა გარკვეული ინფორმაცია გამაჩნია. არა მგონია ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. რამდენადაც ვიცი, მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“.
ბატონმა სოლანამ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით ნატოს და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას უახლოეს მომავალში ის ვერ ხედავს. „ეკონომიკური კრიზისის გამო ევროკავშირში დღეს დეზინტეგრაციული განწყობები უფრო შეინიშნება, ვიდრე ინტეგრაციის სურვილი“ - აღნიშნა მან.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, დიპლომატები, ნატოს წარმომადგენლები, რეგიონის ექსპერტები და ჟურნალისტები. ბატონმა სოლანამ დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა.
ხავიერ სოლანა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში, 1995-1999 წლებში ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ წლებში მოხდა არამარტო ნატოს გაფართოება, არამედ პირველი ომიც ალიანსის ისტორიაში, რომელიც ევროპაში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
ალიანსი ბატონმა სოლანამ მას შემდეგ დატოვა, რაც მას ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნობა და საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის პოსტი შესთავაზეს. ეს უკანასკნელი პრაქტიკულად ევროკავშირის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა იყო. მოგვიანებით სოლანამ ამერიკის ვირჯინიის უნივერსიტეტში ფიზიკის დარგში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
70 წლის ხავიერ სოლანა დღესაც რამდენიმე საპასუხისმგებლო და საპატიო პოსტს ერთდროულად ითავსებს.