დამასკოში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია

დამასკოში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია

დაკრძალვა სირიის დედაქალაქში უკანასკნელი 11 თვის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციად იქცა

სირიის უსაფრთხოების ძალები დამასკოს გარეუბნებში მძიმე ტექნიკის განლაგებით ცდილობენ ოპოზიციის მასობრივ საპროტესტო აქციებს შეუშალონ ხელი. დემონსტრაციები დედაქალაქში კვლავ გრძელდება.

აქტივისტების თქმით სირიის პოლიცია დამასკოს ერთ-ერთ გარეუბანში შეეცადა ახალგაზრდა დემონსტრანტის დაკრძალვის პროცესია ჩაეშალა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო მასობრივ დემონსტრაციაში გადაიზარდა. სამერ ალ-ხათიბი რამდენიმე აქტივისტთან ერთად შაბათს უსაფრთხოების ძალების მიერ სამგლოვიარო პროცესიისთვის ცეცხლის გახსნის დროს დაიღუპა.

შაბათის დაკრძალვა სირიის დედაქალაქში უკანასკნელი 11 თვის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციად იქცა.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების არმიის გენერალმა, მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ უცხოური ინტერვენცია სირიის ტერიტორიაზე "რთული განსახორციელებელია", ვინაიდან ასადის ხელისუფლებას ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან ერთად საკმაოდ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები გააჩნია. გენერალს არც დაქსაქსული და უცხოეთში გაფანტული სირიის ოპოზიციის დაფინანსება მიაჩნია მიზანშეწონილად, ვინაიდან მისი თქმით ცალკეულ დაჯგუფებებს შორის ერთიანი საბრძოლო ფრონტი არ არსებობს.