ლიბიის ხელისუფლებაში კვლავ ცვლილებებია

ლიბიის ხელისუფლებაში კვლავ ცვლილებებია

მუსტაფა აბდელ ჯალილმა მომიტინგეებს მოთმინებისკენ მოუწოდა

ლიბიის ეროვნული გარდამავალი მთავრობის მეთაურის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. მისი გადაწყვეტილება აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბენღაზიში გამართული მასობრივი ანტისამთავრობო აქციების სამთავრობო შენობებში შეჭრას მოჰყვა.

ათასობით სტუდენტი ბენღაზიში სწორედ აბდელ ჰაფიზ ჰოგას გადადგომას ითხოვდა. ლიბიელ მომიტინგეთა თქმით ის რეფორმებს საკმარისი სისწრაფით არ ატარებდა. ახალგაზრდები მას კორუფციაში, ყოფილ თანამებრძოლთა დაწინაურებაში და ოპორტუნიზმში სდებდნენ ბრალს.

ქალაქი ბენღაზი კადაფის წინააღმდეგ დაწყებული რევოლუციის აკვნად ითვლება. ლიბიის ეროვნული გარდამავალი მთავრობის მეთაურმა, მუსტაფა აბდელ ჯალილმა მომიტინგეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და საარჩევნო კანონის საბოლოო სახით ერთ კვირაში გამოცემას დაპირდა. კანონის მიხედვით ლიბია 200-წევრიან ეროვნულ ასამბლეას აირჩევს, რომელიც კონსტიტუციის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას.

კადაფის მმართველობის 42 წლის მანძილზე ლიბიის სახელმწიფო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გარეშე ფუნქციონირებდა.