რეაქცია ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებაზე

რეაქცია ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებაზე

ვაშინგტონში, მშვიდობის პლაზაზე მიმდინარე "დაიკავე უოლ სტრიტის" ერთ-ერთი მონაწილე დონ ანდერსონი 68 წლის ვეტერანია, რომელიც ვიეტნამის ომში დაიჭრა და მას შემდეგ სავარძელსაა მიჯაჭვული.

ანდერსონი ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ორეგონის შტატიდან ჩამოვიდა დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად. მისი თქმით, ამერიკამ არა მხოლოდ ერაყიდან, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც უნდა გაიყვანოს ჯარები:

„მე ძალიან მაწუხებს ჩვენი საგარეო და სამხედრო პოლიტიკა. ჩვენ დაახლოებით 30 ათასი ჯარისკაცი გვყავს დისლოცირებული სამხრეთ კორეაში. მაგრამ რისთვის? ასევე გვყავს ათასობით სამხედრო პერსონალი გერმანიაში. რატომ?“

დემონსტრაციის მონაწილეებს ასევე სურთ ომის დამთავრება ავღანეთში და მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერი კონფლიქტიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა. სანაცვლოდ, ისინი ითხოვენ, რომ მთავრობამ ქვეყნის ერკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქროს.

21 წლის კაილ სლოზეკი ამბობს, რომ მას ძალიან ეცოდება ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 10 წლის შემდეგ საკუთარ სიცოცხლეს დღესაც წირავენ:

„მათ უკვე აღარც იციან რატომ იბრძვიან. აღარც ჩვენ ვიცით რატომ ვიბრძვით. ამ საშინელ ომს იმისთვის ვაგრძელებთ, რომ ვფიქრობთ, რომ ამით მსოფლიოს უკეთესობისკენ შევცვლით. ჩვენ სიკვდილის ამ მანქანას ვამუშავებთ და მშვიდობის დამყარებას ვცდილობთ. არა მგონია ასე მიზანს მივაღწიოთ.“

ცოტა ხნის წინ, პრეზიდნეტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა ერაყში ომს ამთავრებდა. შეერთებული შტატების სამხერდო პერსონალის უმრავლესობამ - 100 ათასმა ჯარისკაცმა - ერაყი უკვე დატოვა. ქვეყანაში დარჩენილი 40 ათასი ჯარისკაცი კი იქ არა-საბრძოლო მისიით იმყოფება.

„ჩვენი ჯარების ერაყში დარჩენილი ნაწილი წლის ბოლომდე დაბრუნდება სახლში. ამით, ამერიკის თითქმის 9-წლიანი ომი ერაყში დასრულდება.“

2003 წელს ომის დაწყებამდე ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას აპირებდა, რაც არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის არამედ ევროპის სტაბილურობასაც საფრთხის წინაშე დააყენებდა.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი შეიპყრეს. ერაყის ახალმა მთავრობამ ის გაასამართლა ხოლო მოგვიანებით კი სიკვდილით დასაჯა.

ერაყში ომის დაწყების შემდეგ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბაღდადმა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამები 1990-ანი წლების დასაწყისში შეწყვიტა.

შეერთებული შტატების მთავრობას ერაყში წარმოებული სამხედრო ოერაცია დაახლოებით 700 მილიარდი დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, ომის შედეგად ერაყში მუსლიმ სექტებს შორის ძალადობა და ამერიკის წინააღმდეგ მეამბოხე ომი დაიწყო.

ვებ გვერდი - "ერაყის მსხვერპლი" - აცხადებს, რომ ომის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასი სამოქალაქო პირია მოკლული. გარდა ამისა, დაიღუპა 10 ათასამდე ერაყელი ჯარისკაციც.

ერაყიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს პრეზიდენტი ობამა გმირების შესატყვის დახვედრას დაპირდა:

„ერაყიდან ბოლო ამერიკელი ჯარისკაცი თავაწეული გამოვა და იამაყებს იმ წარმატებით, რომელსაც მივაღწიეთ. მათ ეცოდინებათ ის, რომ ამერიკელი ერი გაერთიანებული იდგა მათ მხარდასაჭერად.“

ვიეტნამის ომის ვეტერანი ანდერსონი იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტის სიტყვები შესრულდება. თუმცა, ის სკეპტიკურად აფასებს ამერიკის შესაძლებლობას თავი გაართვას ათასობით ომგამოვლილი ჯარისკაცის სამედიცინო მოთხოვნილებებს.