საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების კონცეფცია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების კონცეფცია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია დაამტკიცა, რომელიც პარლამენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ წარუდგინა და მათ შორის აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა ხაბაზის თქმით ყველა ქვეყანას უსაფრთხოების კონცეფცია გააჩნია, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით:” - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც პარლამენტი ღებულობს. უფრო მეტი რანგის დოკუმენტი , ვიდრე ბიუჯეტი, კანონი ოკუპაციის შესახებ და ა.შ. იმიტომ რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ძირითადი განმსაზღვრელი ძირითადი პრიორიტეტების აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას მომავალში”.

ექსპერტის ვასილ ჭყოიძის განცხადებით საგარეო ურთიერთობების კუთხით კონცეფციიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ნატოსთან ურთიერთობაა:”- საგარეო ურთიერთობების კუთხით კონცეფციიდან ნათლად ჩანს, რომ მთავარი პრიორიტეტია ნატოსთან ურთიერთობა, ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება. ეს არის ყველაზე გამოკვეთილი ძირითადი პრიორიტეტები. ასევე არის ორმხრივი ურთიერთობების გამოკვეთილი პრიორიტეტი, საკმაოდ სერიოზული, განსაკუთრებით აშშ-თან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან. უსაფრთხოების თავლსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ კონცეფციაში ახალი საფრთხეებია გაცნობიერებული. წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, რომელიც, თუ არ ვცდები 2005 წელს იყო მიღებული, ამ დოკუმენტში ასახულია ახალი საფრთხეები, რომელთა წინაშე დგას საქართველო. განსაკუთრებით საფრთხე, რომელიც საქართველოს რუსეთის მხრიდან ემუქრება, ასევე საერთაშორისო ტერორიზმი და სხვა ტიპის საფრთხეები. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებს ამ საფრთხეებისგან სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის დაცვის მთავარ ღონისძიებებს და მთავარ მიმართულებებს”.