გუანტანამოს 10 წლიანი ისტორია

გუანტანამოს 10 წლიანი ისტორია

„კემპ სევენი“ ციხის ყველა საიდუმლო ნაწილი

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, კუნძულ კუბაზე, გუანტანამოს ბაზა შეერთებულმა შტატების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების ცენტრი გახდა. დღემდე გუანტანამოს ციხის დახურვას უფლებადამცველები დაჟინებით ითხოვენ, თუმცა მომხრეები ამბობენ, რომ გუანტანამო ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გუანტანამოს უკვე ლეგენდადქცეული საპყრობილის დეტალების გასარკვევად „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მერედით ბუელი გუანტანამოს ყურეს ეწვია.

აქ დაკავებულთა ნაწილს 2001 წლის ტერაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ედება ბრალი. მათი მეთვალყურე ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

„ეს ჩემთვის მოვალეობის და ღირსების გრძნობაა, მე ჩემი სამსახურით ვამაყობ,“ - ამბობს ამერიკელი სამხედრო დენიელ სნელი.

ასეთი განწყობა კი გუანტანამოზე მყოფ ყველა ამერიკელ ჯარისკაცს აქვს. თუმცა, დაკავების ცენტრის შესახებ ამერიკელებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2009 წელს გუანტანამოს დახურვის პირობა დადო. ამის მიზეზი ის ბრალდებებია, რომელიც ბაზაზე წამებებს შეეხება.

მულა აბდულ სალამ ზაიფი გუანტანამოს ყოფილი პატიმარია. ამჟამად კი ქაბულში თალიბანის დიპლომატის როლს ასრულებს.

„ისინი იქ იზოლაციაში და სიცივეში გამყოფებენ და მათ კითხვებს უნდა უპასუხო. ისინი წამების ყველანაირ საშუალებას მიმართავენ,“ - ამბობს ზაიფი.

შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი და ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წევრები ამტკიცებენ, რომ გუანტანამოზე წამების ფაქტები არ ხდებოდა.

„ისინი თავიანთ ხალხს წვრთნიან, რათა წამების ბრალდება წამოაყენონ. როდესაც დაკავებული ტერორისტი ამბობს, რომ მას აწამებდნენ, შემდეგ პრესა ამას მუდმივად ატრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცრუეა,“ - ამბობს რამსფელდი.

სამხედრო ფლოტის ადმირალი ჰარბესონიც აცხადებს, რომ გუანტანამოზე დაკავებულებს უსამართლოდ არ ეპყრობოდნენ. მისი თქმით, ბაზაზე მყოფი სამხედროები ქცევის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან და პროფესიონალიზმის ნიმუშს წარმოადგენენ.

მაგალითისთვის, დაკავებულებს აქ დღეში სამჯერ კვებავენ, მენიუ ექვსნაირია. აქვთ 24 საათიანი სამედიცინო მომსახურება, შეუძლიათ წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და ასევე რელიგიური ლიტერატურის გაცნობა. თუმცა, გუანტანამო მაინც ციხეა და აქ დაკავებულები საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად ითვლებიან.

გუანტანამოზე ერთი განსაკუთრებული საპატიმროა, რომელიც ყველაზე მეტად დაცული და გასაიდუმლოებულია. მას „კემპ სევენს“ უწოდებენ და როგორც ამბობენ, სწორედ აქ იმყოფებიან 11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილეები.

პოლკოვნიკი დონი ტომასი გუანტანამოს ბაზის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ის ამბობს, რომ „კემპ სევენის“ შესახებ ბევრს ვერაფერს იტყვის, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის ნაწილია.

გუანტანამოზე ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების გადაწყვეტილებას არ ამართლებს იელის უნივერსიტეტის სამხედრო სამართლის სპეციალისტი იუჯინ ფიდელი.

„ამან ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა. გამოიწვია სამართლებრივი საკითხების გართულება და მოახდინა მართლმსაჯულების პოლიტიზირება,“ - ამბობს ფიდელი.

გუანტანამოზე დაკავებული 780 პატიმრიდან, 600-მდე უკვე ან სამშობლოში ან სხვა ქვეყნებში გაამგზავრეს. ამავე დროს კონგრესმა დაბლოკა მცდელობა, რომელიც გუანტანამოზე დაკავებულთა ამერიკაში გასამართლებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც აქ პირველი პატიმარი მოიყვანეს, 10 წელი გავიდა. თუმცა, ჯერ ბაზის დახურვის საკითხი არ გადაწყვეტილა.