ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა ამერიკაში 28 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 120 ათასმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. ექიმები და ექთნები მათ კვებას, ცხოვრების წესს და ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ.
კვლევის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელია ფრანკ ჰუ, რომელიც ლექციებს ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე კითხულობს.
„ორივე, დამუშავებული თუ დაუმუშავებელი წითელი ხორცი სიკვდილიანობის რისკის ზრდის მაღალ ალბათობას აჩვენებს. რისკი განსაკუთრებით მაღალია დამუშავებული ხორცის მიღების შემთხვევაში“ - ამბობს ის.
მცირე განმარტება მათთვის, ვინც არ იცის, თუ რა იგულისხმება დამუშავებულ ხორცში. როგორც კი ახალ ხორცს სპეციალური დანამატებით ამუშავებენ, რათა მისი ვარგისიანობის და შენახვის ვადა გაზარდონ, ის დამუშავებულად ითვლება. უპირველეს ყოვლისა დამუშავებულ ხორცში ძეხვეულს და კონსერვებს გულისხმობენ.
სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ 85 გრამი დაუმუშავებელი საქონლის ხორცის კვების რაციონში შეტანა ადრეული გარდაცვალების რისკს 13 პროცენტით ზრდის. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა დამუშავებული ხორცის შემთხვევაში. მაგალითად, თუკი დღეში მხოლოდ ორ თხელ ნაჭერ ძეხვს მივირთმევთ, დაახლოებით 28 გრამს, ადრეული სიკვდილის რისკი 20 პროცენტით გაიზრდება.
კონკრეტული დაავადებები, რომელიც საქონლის ხორცის მიღებით რთულდება და ლეტალური დასასრულის რისკს ზრდის, არის ავთვისებიანი სიმსივნეები და გულსისხლძარღვთა დაავადებები.
გამოკვლევების მიხედვით წითელი ხორცის ჩანაცვლება ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა თეთრი ხორცი - თევზეული, ფრინველეული და აგრეთვე დაუმუშავებული ბურღულეული თუ პარკოვანი მცენარეები, ადრეული სიკვდილიანობის რისკს ბევრად უფრო ამცირებს. მართალია, სამეცნიერო კვლევა 28 წელიწადი მიმდინარეობდა, მაგრამ ფრანკ ჰუ ამბობს, რომ რაციონში ცვლილება ბევრად უფრო ადრე იღებდა შედეგს, ვიდრე კვლევის დასასრულში:
„უმეტეს შემთხვევაში არასწორი კვების ფაქტორის ეფექტი მაშინათვე, ან ხანმოკლე პერიოდშივე ჩნდებოდა. განსაკუთრებით - გულსისხლძარღვთა დაავადებების და მე-2 ტიპის დიაბეტის დროს. ასე რომ სულ არ არის საჭირო 20 წელი ელოდოთ სიკვდილის რისკის ზრდას“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი.
სამეცნიერო კვლევის ოპონენტთა შორისაა ინდუსტრიული ჯგუფი - ამერიკის ხორცპროდუქტების ინსტიტუტის ფონდის სამეცნიერო დირექტორი, ბეტსი ბორინი. ქალბატონი ბეტსი კვლევის მეთოდოლოგიის ერთ-ერთ ხარვეზზე საუბრობს. კერძოდ, იმ ნაწილზე, როდესაც პაციენტებს სთხოვდნენ მათ მიერ მიერთმეული ხორცის რაოდენობა დაემახსოვრებინათ.
ამას გარდა ინდუსტრიული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კვება ჯანმრთელობის რისკებს შორის მხოლოდ ერთი ფაქტორია, რომელიც დაავადების გართულებას და ადრეულ სიკვდილიანობას იწვევს.
“არსებობს მრავალი ქრონიკული დაავადება: გულსისხლძარღვთა, დიაბეტური, სიმსივნური... არა მგონია მთავარი რისკფაქტორი კვება იყოს. უნდა გავითვალისწინოთ ჭარბწონიანობაც და გენეტიკური მიდრეკილებებიც“ - აღნიშნავს ის.
ფრანკ ჰუს ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში ჭარბწონიანობის და გენეტიკური დაავადებების სტატისტიკაც არის მოცემული. ასევე გათვალისწინებულია სიგარეტის მწეველთა რისკფაქტორიც. ამის მიუხედავად, დანარჩენი რისკების გათვალისწინებითაც მეცნიერის თქმით ყველა მონაცემი წითელი ხორცის მავნებლობას, კერძოდ კი დაავადებების გართულებას და ადრეულ სიკვდილიანობას ადასტურებს. ექიმი ჰუ გვირჩევს ცილების დანაკლისი, რაც საქონლის ხორცის შეზღუდვით მოხდება, უფრო ჯანმრთელი ცილების ალტერნატიული წყაროებით ავინაზღაუროთ.
„აღმოვაჩინეთ, რომ ცილების სხვა სახით მიღება, როგორიცაა თევზეული, ფრინველეული, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები, თხილები და პარკოვანი მცენარეები სასარგებლოც არის და წითელ ხორცს რაციონში წარმატებით ცვლის“ - ამბობს მეცნიერი.
ფრანკ ჰუს კვლევა შეგიძლიათ ინტერნეტზეც მოიძიოთ. ის გამოქვეყნებულია ვებგვერდზე „Archives of Internal Medicine”, შინაგან დაავადებათა არქივები.