სერბეთში რადიკალური ისლამის მიმდევრები დააკავეს

სერბეთში რადიკალური ისლამის მიმდევრები დააკავეს

დაკავებულებს მეზობელ ბოსნიაში ამერიკის საელჩოსთან მომხდარი სროლების ორგანიზებაში ედებათ ბრალი.

სერბეთის პოლიციის განცხადებით დაკავებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი 15 რადიკალური ისლამის მიმდევარი. მათ გუშინ მეზობელ ბოსნიაში ამერიკის საელჩოსთან მომხდარი სროლების ორგანიზებაში ედებათ ბრალი.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილთა აყვანა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სამ ქალაქში მოწყობილი რეიდების დროს მოხდა.

მევლუდ იასარევიჩი, რომელმაც ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ამერიკის საელჩოს ცეცხლი გაუხსნა, სწორედ ამ რეგიონიდან იყო. მოგვიანებით პოლიციელებმა ის დაჭრეს და დააპატიმრეს.

როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეიდის მთავარი სამიზნე საუდის არაბეთში გავრცელებული ისლამის კონსერვატიული განშტოების, ვაჰაბის მოძრაობის, მიმდევრები იყვნენ.