ანტიამბოხებიდან ანტიტერორისტულ ოპერაციამდე

ანტიამბოხებიდან ანტიტერორისტულ ოპერაციამდე

დაუბრუნდება თუ არა ავღანეთი 1990-იანი წლების დროინდელ ანარქიას

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთიდან 33 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანის გეგმა გამოაცხადა, სენატორმა ბობ კეისიმ - სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მეამბოხეთა საწინააღმდეგო ოპერაციიდან ანიტიტერორისტულ ოპერაციაზე უნდა გადაერთოს.

ამ საკითხზე დებატები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ ობამას ახალი ავღანური სტრატეგია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ზოგიერთი სამხედრო მრჩეველი მხარს მეამბოხეთა საწინააღმდეგო ოპერაციას უჭერდა, რაც პარალელურად ქვეყნის რეკონსტრუქციაზე გადართვას და ავღანელების „გულის და გონების მოგებას“ გულისხმობდა. სხვები კი, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიწროდ სპეციალიზებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ემხრობოდა, რაც თავისთავად შეზღუდული სპეციალური ოპერაციების განხორციელებას გულისხმობს ალ-ყაიდას და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ თალიბანის ჩათვლით. ბატონმა ობამამ თანდათანობით მხარი დაუჭირა მეამბოხეების საწინააღმდეგო სტრატეგიას და შესაბამისად ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილებაც მიიღო. მაიკლ ოჰანლონი ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარია.

მისი თქმით, ასე უცბად მეამბოხეთა საწინააღმდეგო სტრატეგიიდან გადართვა, შესაძლოა სახიფათო ნაბიჯი იყოs.

„მე ვფიქრობ, პირდაპირ ანტიტერორისტულ სტრატეგიაზე გადასვლა არ იმუშავებს. შეგიძლიათ შეცვალოთ კონვენციური ძალები სპეციალური დანიშნულების ძალებით? ან შეგიძლიათ გქონდეთ ანტიტერორისტულ სტრატეგიაზე გადასვლის იმედი მომავალში, როდესაც ავღანელებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა უზრუნველყონ აგენტურული დაზვერვა და ამავე დროს მოსახლეობის დაცვა? რა თქმა უნდა კი, თუმცა, ეს ხანგრძლივი ქმედების შედეგი და ფრთხილი გეგმის ნაწილი უნდა იყოს,“ - ამბობს ოჰანლონი.

სტივენ ბიდლი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ანალიტიკოსია. მისი თქმით, მთავარი რისკი ჯარების დაჩქარებულ გამოყვანაში მდგომარეობს, რამაც შესაძლოა რეგიონში ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის გასწვრივ არასტაბილური გარემო შექმნას, რაც თავის მხრივ გაზრდის იმის საშიშროებას, რომ პაკისტანის ბირთვული იარაღი ტერორისტების ხელში აღმოჩნდება.

„საკითხავია, დაუბრუნდება თუ არა ავღანეთი 1990-იანი წლების დროინდელ ანარქიას, ხოლო ასეთ შემთხვევაში კი ეს ჩვენ საკმაოდ დაგვაზარალებს, რადგანაც ალ-ყაიდა აღადგენს თავის ბაზებს ავღანეთში, ან დაიწყება ქაოსი პაკისტანის საზღვარზე და მოხდება პაკისტანში ვითარების დესტაბიზლაცია,“ - ამბობს ბიდლი.

თუმცა, შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთში დარჩენილი 68 ათასი ჯარისკაცი საერთაშორისო კოალიციის სხვა ძალებთან ერთად საკმარისი იქნება თალიბანზე ზეწოლის გასაგრძელებლად, ვიდრე 2014 წლისთვის ავღანეთის არმიის და პოლიციის გაწვრთნა საბოლოოდ დასრულდება. ამავდროულად სამხედრო ოპერაციების პარალელურად გრძელდება პოლიტიკური მეთოდების გამოყენებაც. ამ ინიციატივით, თავად პრეზიდენტი ობამა გამოვიდა. მისი თქმით, ამერიკა მხარს უჭერს ავღანელი ხალის შერიგების დაწყებას თალიბანის ჩათვლით. თუმცა, ავღანეთის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში საიდ ჯავადი აცხადებს, რომ თალიბანი ამ შეთავაზებაზე არ წამოვა, ვიდრე პროცესში შეერთებული შტატები იქნება ჩართული. თავის მხრივ, ამ ინიციატივას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არა სასურველი, თუმცა აუცილებელი ნაბიჯი უწოდა.