ვაშინგტონში მსოფლიოს „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. მათი მიზანი სირიაში შემქნილი ვითარების, ირანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ამბიციების განხილვაა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში გლობალურ საკითხებს განიხილავენ, თუმცა დღის წესრიგის უმთავრესი თემა სირიაა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ სირიაში მიმდინარე ძალადობით და იმით, რომ სირიაში გაეროს დესპანი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საფრთხის წინაშე დგას“
„დიდი რვიანის“ ნაწილი - შეერთებული შტატები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ, რაც მათი აზრით ქვეყანაში 13 თვიან ძალადობას დაასრულებს. რაც შეეხება რუსეთს, ის მხარს უჭერს სირიის ლიდერს და აგრძელებს დამასკოსთვის იარაღის მიყიდვას.
როგორც დაგეგმილია, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცალკე გამართავენ შეხვედრას და სირიის საკითხს განიხილავენ. მანამდე კი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუსთან გაიმართება ვიდეოკონფერენცია, რომელიც სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან თურქეთში სირიელი დევნილების ბანაკის დაცხრილვაზე ისაუბრებს.
რაც შეეხება ირანს, მისი ბიღთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკების ახალა რაუნდს კი თურქეთი უმასპინძლებს. ჰილარი კლინტონის განცხადებით, „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ეს არის შესაძლებლობა, რომ თეირანმა გაგებით შეხედოს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას მისი ბირთვული ამბიციების გამო.
მესამე და ასევე მნიშვნელოვანი საკითი „დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედარზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული მიზნების განხილვა იქნება, რომელიც კოსმოსში რაკეტის გაშვებას უკავშირდება.
„ეს არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. ვფიქრობ ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილურობით და ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მივაღწიოთ ამ სტაბილურობას,“ - განაცხადა კლინტონმა.
მისი თქმით, ამ საკითხების გარდა, ასევე განხილული იქნება საერთაშორისო ტერორიზმის, მეკობრეობის, საკვების უსაფრთხოების და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიული ცვლილებების საკითხები.
მომავალ თვეს კი შეერთებულ შტატებში, კემპ დევიდში უკვე „დიდი რვიანის“ ლიდერები შეიკრიბებიან.