ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სირიაში დაპირისპირება გრძელდება.
გაეროს დამკვირვებლებს დღეს კიდევ ორი დამკვირვებელი დაემატა. ამ ფონზე, ევროკავშირი სირიისადმი სანქციების გამკაცრებას ცდილობს და დამატებით ზომებს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილი შეხვედრისას განიხილავენ.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ჯერ კიდევ უარს აცხადებს სირიაში სამხედრო ინტერვენციიაზე და ცდილობს მშვიდობიანი მეთოდებით შეუწყოს ხელი რეჟიმის შეცვლას. პენტაგონი კი ამერიკის მოქმედების გეგმაზე მუშაობს რომლის გატარებასაც შესაძლოა გაუთვალისწინებელი მოვლენების მოჰყვეს.
ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ამბობს, რომ სირიის კრიზისიდან გამოსავლის მონახვა ურთულესი პროცესია:
„სიტუაცია სირიაში ზედმიწევნით კომპლექსურია. იქ შექმნილი მდგომარეობიდან არ არსებობს მომენტალური და მარტივი გამოსავალი. ასეთი სცენარი უბრალოდ არ მოიძებნება.“
ორი გავლენიანი ამერიკელი კანონმდებელი, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი და დამოუკიდებელი სენატორი ჯო ლიბერმანი სირიის ოპოზიციის შეიარაღებას და ასადის მოწინააღმდეგეებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის შექმნას ითხოვენ, მიუთითებენ რა, რომ სწორედ ანალოგიურმა ზომებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის დამხობაში.
სენატორების აღნიშულ ინიციატივას პანეტა პასუხობს, რომ სირიაში შექმნილი მდგომარეობა ბევრად განსხვავება ლიბიის მოვლენებისგნ:
„ლიბიაში საერთაშორისო დონის მხარდაჭერა არსებობდა, ნატოს სამხედრო მოქმედებას არაბული სახელმწიფოების და უშიშროების საბჭოს მანდატი ჰქონდა. სირიაში ასეთი კონსენსუსი არ გვაქვს.“
კიდევ ერთი გავლენიანი სენატორი ჯონ კერი ფიქრობს, რომ სირიაში რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ე.წ. უსაფრთხო ზონების შექმნით ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი.
„უსაფრთხო ზონების დაწესება სამხედრო მოქმედებას გულისხმობს და ეს რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერასა და ბევრად უფრო ვრცელ დამოწმებას საჭიროებს.
საკმაოდ ბუნდოვანი პოზიცია აქვს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის გავლენიან რესპუბლიკელს რიჩარდ ლუგარს:
„თუ ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპული ქვეყნები ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩავერთვებით, შესაძლოა ჩვენ უნებლიედ სირიის რეჟიმის ბრალდებებზე დაგვეკისროს პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში მიმდინარე არეულობისთვის გარეშე ძალებს დებს ბრალს.“
ვაშინგტონში არსებული ბრუკინგსის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი თამარა კოფმანი კი ამბობს, რომ ასადი მხოლოდ ექსტრემალურ ზეწოლაზე ახდენს რეაგირებას:
„ჩემი აზრით, ამერიკის მიერ სირიის ლიდერზე მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით ზემოქმედება და ძლიერი ზეწოლის გამორიცხვა შეერთებული შტატების არათანაბარ მოთამაშედ წარმოჩენას შეუწყობს ხელს."