ევროპული ბაზრების გამოჯანსაღება გარკვეულწილად ჩინეთის ეკონომიკაზეც არის დამოკიდებული. ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ყოველწლიურად 9 პროცენტით იზრდება 2012 წელს შესაძლოა შენელდეს. მიუხედავად ამისა, ევროპული უნივერსიტეტის უამრავ კურსდამთავრებულს კვალიფიკაციის ამაღლება ჩინურ კომპანიებში სურს. ევროპისა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დომინიკ ლორი ლონდონიდან არკვევდა.
ალექსანდერ ლერნერმა ლონდონში სამართლის სკოლაში სწავლა დაასრულა, თუმცა სამსახურის შოვნა მისთვის ნამდვილ პრობლემად იქცა.
„ძალიან ძნელია. ეს არ არის უბრალოდ კონტრაქტის მოპოვება, აქ შიდა კონკურენციის საკითხია,“ - ამბობს ალექსანდერი.
დიდ ბრიტანეთში 16-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის სამსახურის შოვნა რეალური პრობლემაა. ესპანეთში ეს ციფრი გაორმაგებულია. თუმცა, ალექსანდერს ეს გარემოება არ აშინებს. ის მალე ჩინეთში ადგილობრივ ფირმაში სამუშაოდ რამდენიმე კვირით გაემგზავრება. ამაში კი მას ბრიტანულ-აზიური კომპანია დაეხმარა, რომელიც კიდევ ბევრი ახალგაზრდას დასაქმებას უწყობს ხელს ჩინეთში. კეი მიშელი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
„ჩვენთან უამრავი ხალხი ჩამოდის ირლანდიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან. ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც ეკონომიკა არც თუ კარგ მდგომარეობაშია,“- ამობს კეი მიშელი.
ჩინურ კომპანიებში კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე მოთხოვნა 2008 წლის შემდეგ გაორმაგდა. ასევე უკვე ცნობილია, რომ ჩინეთში კვალიფიკაცის ამაღლებაზე წასული ახალგაზრდები უკან თითქმის აღარ ბრუნდებიან.
“ბევრი მათგანი გამგზავრებამდე ამბობს, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდება, თუმცა მათი უმრავლესობა ამ პროგრამას იყენებს, როგორც შანსს ჩინურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. ამ ხალხის 30 პროცენტს ჩინურ კომპანიებში უკვე სრულფასოვან სამსახურს სთავაზობენ,“ - ამბობს მიშელი.
ის რომ განათლებამიღებული ახალგაზრდები სამსახურის საშოვნელად ჩინეთში მიდიან, ეკონომიური ვითარების შედეგია. თუკი, დასავლეთში ეკონომიკური კრიზისია, ჩინეთმა გასულ წელს 9 პროცენტიანი ზრდა აჩვენა. ჰედი შერიფი ჩინეთში 2010 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩავიდა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. ის ამბობს, რომ მისი გამოცდილება უფრო მდიდარი გახდა, ახალი ნაცნობები და კავშირებიც შეიძინა.
ამერიკული საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ მონაცემებით ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წელს არ შეიცვლება. ასევე არსებობს პროგნოზი, რომ 2012 წელს ევროპის ზოგ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია განმეორდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი კურსდამთავრებული სამუშაოს ძებნას ჩინეთში გააგრძელებს.