საქართველოს მოქალაქე 33 წლის ლია შიოშვილის საქმე, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შეიძლება გახდეს იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში, დღეს სტრასბურგში დაიწყო.
2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსმა სამართალდამცველებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს, შემდეგ კი დამამცირებელი ფორმით მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს.
უკიდურესად გაწამებულმა ქართულმა ოჯახმა, მხოლოდ 2006 წლის დეკემბრის დასაწყისში შეძლო ფეხით გადმოევლო დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვარი. 15 დეკემბერს კი გურჯაანის საავადმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა.
“ჩვენზე არავის უზრუნია, სად გავათენებდით ან რას შევჭამდით აბსოლუტურად არავის აინტერესებდა. რაზეა საუბარი - დაჯდომა მინდოდა და სკამიც კი არ მომცეს, რომ დავჯდარიყავი.
მოსკოვიდან ბაქოში მომავალი მატარებლიდან ჩამოგვყარეს, ყველა ქართველი ვინც ვიყავით. მთელი ორი კვირა დაღესტნის რომელიღაც სოფელში ვიყავით ვიღაცეებს შეკედლებული.
მერე მოსკოვიდან, ჩვენი საკონსულოდან ჩამოვიდა პიროვნება, რომელმაც გაგვიკეთა ვიზები და ორი კვირის მერე გამოგვაცილა საზღვარზე. რომ ჩამოვედით საქართველოში, ძალიან მალე ჩემი ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.“
კრემლის ანტიქართულ კამპანიას 2006-2007 წლებში, 7000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოჰყვა. აქედან 2380-მა ქართველმა უცხოელთა განთავსების დროებითი ცენტრები გაიარა, სადაც არაადამიანურ და გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა.
2006 წლის 17 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთ ასეთ ცენტრში, დეპორტაციის მოლოდინში ასთმით დაავადებული 58 წლის თენგიზ ტოგონიძე, ხოლო 2 დეკემბერს 51 წლის მანანა ჯაბელია გარდაიცვალნენ. იმავე დღეებში დაიღუპა რევაზ ბერულავაც, რომელსაც მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმ მოტივით უთხრეს უარი სამედიცინო დახმარებაზე, რომ ქართველი იყო.
ერთ-ერთი სარჩელი, რომელსაც ევროსასამართლო განიხილავს, სწორედ მანანა ჯაბელიას შვილების ნიკო და შახი კვარაცხელიების მიერ არის შეტანილი.
დღეს სტარსბურგში შვიდი ევროპელი მოსამართლე უსმენდა ექვს ქართველ მოწმეს, რომლებიც 2006 წლის დეპორტაციის უშუალო თვითმხილველები იყვნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ამბობს:
„ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარია. უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით, რუსეთის ფედერაციამ ვერ მოახერხა ვერცერთი ჩვენს მიერ წამოყენებული არგუმენტის გაბათილება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოწმეებისგან მიღებული ინფორმაცია ასევე ძალიან შთამბეჭდავი იქნება სასამართლოსთვის. ს
აქმე თავისი მოცულობით და კომპლექსურობით რთულია, ვინაიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ბედზე ვსაუბრობთ. თითოეული ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლოსთვის.
ყველა ცალკეული კომპონენტი უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება - ეს არის ადმინისტრაციული პრაქტიკა, ანუ პოლიტიკის ნაწილი თუ ეს იყო იზოლირებული, კონკრეტული ქმედებები.“
რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში რამდენიმე ათეული ანალოგიური სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებითაც გაიგზავნა. მათ შორის არიან მომჩივანნი კვარაცხელიები, ბერძენიშვილი, კბილაშვილი, გივიშვილი, ნაჭყებია, ჩხაიძე და ჯაოშვილი, ძიძავა, გიგაშვილი, შიოშვილი, ჩოხელი და კიდევ 11 ადამიანი რუსეთის წინააღმდეგ.
კიდევ ექვსი სარჩელი არასამთავრობოლო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლმა გააგზავნა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ევროსასამართლო კერძო სარჩელების განხილვას მაშინვე დაიწყებს, როცა კი საქართველოს მიერ 2007 წლის 26 მარტს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. იურისტი სოფო ჯაფარიძე ამერიკის ხმასთან ამბობს:
„ევროსასამართლო ელოდება სახელმწიფოთაშორის განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებას. ეს როგორ წესი ასე ხდება ხოლმე. თუ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი არსებობს იგივე საკითხზე, როგორც წესი ჯერ მას იხილავენ ხოლმე.
ყველა გაგზავნილ საქმეში ვამტკიცებთ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს. ამ ადამიანების მიმართ უფლებების დარღვევა მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი, ყველანი ეთნიკურად ქართველები იყვნენ.“
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის მიერ ინიცირებული, "3300 კერძო სარჩელი" საქართველოს წინააღმდეგაც იქნა შეტანილი. ძირითადად, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ოსი ეროვნების ადამიანების მიერ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველო-რუსეთის ომის დროს, მათი უფლებები დაირღვა.
რუსული მხარისთვის მოულოდნელად სტრასბურგის სასამართლომ ორი კვირის უკან, 1549 სარჩელი აუცილებელი ინფორმაციის არარსებობის მიზეზით დახურა. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს:
„საუბარია იმაზე, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს არ განუხორციელებია არავითარი მასობრივი დარღვევები ჰუმანიტარული სამართლის სფეროში და საერთოდაც, რასაც საქართველო აკეთებდა -აბსოლუტურად ჯდებოდა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში და საერთაშორისო ურთიერთობის თეორიის ფარგლებში.
ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებით. ამ ყველაფრის განმეორება და კონკრეტულ მაგალითზე ჩვენება აუცილებელი არის ხოლმე არგუმენტაციისთვის.“
სტრასბურგში კიდევ სამი ქართველი მოწმის მოსმენას ხვალაც გააგრძელებენ, ხოლო ოთხშაბათს და ხუთშაბათს დაიწყება იმ მოწმეების დაკითხვა, რომლებიც რუსულ მხარეს წარმოადგენენ.
პარასკევს სასამართლოს წინაშე სხვა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი მათიას იორში წარსდგება. ევროსასამართლო ასევე განიხილავს საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მოსმენის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაყვეტილებით, საქმე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასზე დასწრების საშუალება ჟურნალისტებს არ აქვთ.