ბიზნეს ფორუმს 30-ამდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ამ თემაზე დღეს საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები ბატონი მიხეილ თოქმაზიშვილი და ქალბატონი ეკა ლეკაშვილი.
მ.თ. - "ეს ფორუმი ორგანიზებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგნეტოს, სავაჭრო-სამრეწველო პარტიისა და დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ. ამ ფორუმს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, რამდენადაც ამით საფუძველი ეყრება ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და ეკონომიკურ განვითარებას. საქმე იმაში არის, რომ ამ ფორუმში მონაწილეობდნენ ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ხელისუფლება და გაიმართა მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ უნდა დავუახლოვოთ საქართველოს ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკას, როგორ უნდა განვითარდეს ვაჭრობა ერთმანეთს შორის და შესაბამისად როგორ უნდა დამყარდეს საქმიანი კონტაქტები. ჩინეთი საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა რამდენადაც, მას უკავია მეორე ადგილი მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მხრივ მთელს მსოფლიოში. იგი არის ექსპორტზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა. ჩინეთი გამოირჩევა თავისი პროდუქციის მრავალფეროვნებით და ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ წაადგება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, რამეთუ განვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობა. ქართველ მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ თავიანთი პროდუქცია გაყიდონ ჩინეთში და ასევე ჩინეთის პროდუქცია გამრავლდეს საქართველოს ბაზარზე. ამ ფორუმს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ძირითადად სამი სფერო იყო გამოკვეთილი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დაინტერესებული ყოფილიყვნენ ჩინელი ინვესტორები. ეს სფეროები არის სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ჰიდროენერგეტიკის სექტორები.
ე.ლ. - "საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ საქართველო თანამედროვე გლობალიზაციის პროცესს უფრო აქტიურად უწყობს ფეხს და რეალურად ბაზრების დივერსიფიკაციას ახორციელებს. ჩინეთიდან ინვესტორების შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ყველაზე წამყვანი სახელმწიფო რომელიც, 2011 წლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებით პირველ ადგილზე დგას და ა.შ.შ-საც კი უსწრებს, დაინტერესებას იჩენს უკვე საქართველოს ბაზრისადმი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საქართველომ ჩინეთი დააინტერესა ვთქვათ იაფი შრომითი რესურსებით ან წარმოების ფაქტორების იაფი ბაზრით, არამედ აქ საუბარი იქნება ალბათ ისევ აბრეშუმის გზისთვის საჭირო და ხელშესაწყობი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, ასევე თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარებაზე, რაშიც პერსპექტივაში ჩინელი ინვესტორები ჩადებენ თანხებს. "