ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს 1 800 000 მოქალაქე შემწეობას ითხოვს


საქართველოს 1 800 000 მოქალაქე შემწეობას ითხოვს
საქართველოს 1 800 000 მოქალაქე შემწეობას ითხოვს

მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა სწორედ არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად შემუშავდა და მასში ყველა პრიორიტეტი სწორად არის გათვალისწინებული.

საქართველოს პრემიერმა პარლამენტს მთავრობის მომავალი 5 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოში აღმშენებლობა არა ვინმეს დასანახად, არამედ მოქალაქეების დასაქმების მიზნით ხორციელდება:

”საქართველოში პირველად შემცირდა უმუშევრობა, თუმცა საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის და ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია უმუშევარი და ღარიბი ადამიანი, რომელსაც ანაზღაურება არ ჰყოფნის. მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა სწორედ არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად შემუშავდა და მასში ყველა პრიორიტეტი სწორად არის გათვალისწინებული, აცხადებს პრემიერი:

” ეს არის ჩვენი 10-პუნქტიანი გეგმა, რომლის მთავარი მიზანია სამუშაო ადგილების შექმნა, რომლის მთავარი მიზანი არის უმუშევრობის შემცირება, რასაც საფუძველი ჩვენ უკვე ჩავუყარეთ გასული წლების განმავლობაში. ახლა საჭიროა, ჩვენი რეფორმების საბოლოო შედეგები დავინახოთ. საბოლოო შედეგები უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, ამას ემსახურება ჩვენს მიერ შემოთავაზებული 10-პუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა მოდერნიზაციისთვის და დასაქმებისთვის”.

” მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განათლების და მეცნიერების მიმართ ჩვენი საზოგადოების უდიდესი დაინტერესებიდან და ზოგადად ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს 2011-2015 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში და 2012 წლის ბიუჯეტში გადახედოს განათლების და მეცნიერების დაფინანსებისთვის გამოყოფილ ხარჯებს და მსოფლიოს მოწინავე თუ არა, სოციალისტური ბანაკის ქვეყნების სტანდარტებს მაინც მიუახლოვდეს საქართველოს მაჩვენებელი” - აცხადებენ მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით ახალი მემარჯვენეები, რომლებიც თვლიან, რომ რეალურად ხელისუფლების განცხადებები და 10-პუნქტიანი გეგმა ერთმანეთს არ შეესაბამება.

ასევე არა ერთი კითხვა, მაგალითად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის დაფინანსების შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაუჩნდა საპარლამენტო უმცირესობას .კანონპროექტი სტრატეგიულ გეგმამდე 2 დღით ადრე პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ წარუდგინა, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 219 მილიონი ლარით გაიზარდა, რომ 2012 წელს საქართველო ხვდება წელში გამართული.

კანონმდებელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე ცვლილებების დადებით მხარეთ შემოსავლების ზრდას ასახელებს:

”შემოდის ცვლილებები 2011 წლის ბიუჯეტში. ერთი დადებითი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსავლები იზრდება, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ხარჯების შემცირებაზე, როგორც წესი ასეთი რამ ხდებოდა. ეს კარგია, პოზიტივია. თუმცა, პრობლემა არის პროგნოზირებასთან დაკავშირებით. ვერ გეგმავენ ზუსტად და ეს გასაგებია, კონსერვატიული მიდგომა აქვს მთავრობას. ანუ გეგმავენ ნაკლებს და შემდეგ ზრდიან შემოსავლებს, მაგრამ ჩვენ პრობლემას ვხედავთ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. დღეს რა არის აუცილებლად გასაწევი ხარჯები ერთი თვის განმავლობაში? მთავრობის მიერ ჩადებული ყველა პრიორიტეტი არის კაპიტალური ხარჯები ანუ გზებზე, ტექნიკის შეძენაზეა საუბარი და ა.შ. ეს უნდა იყოს ათვისებული ერთი თვის განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, მითუმეტეს, როდესაც ვგეგმავთ 2012 წლის ბიუჯეტს, კაპიტალური ხარჯები შეიძლება იქ იყოს ასახული. ჩვენ უნდა მივხედოთ სოციალურ მხარეს ჩვენი საზოგადოების ცხოვრების, აქ გვაქვს პრობლემები. პრობლემები გვაქვს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე და თუ რაიმე რეზერვი გაგვიჩნდა , დამატებითი შემოსავალი აქეთკენ უნდა გადავისროლოთ. ჩვენი მთავრობა ფიქრობს, რომ თითეულმა მოქალაქემ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე, ამას ხსნიან თავისუფლების მაღალი ხარისხით. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხელისუფლება ცდილობს ადამიანებს დაეხმაროს, რომ არა თავისი მიზეზის გამო, ობიექტური მიზეზების გამო აღმოჩნდნენ ადამიანები ასეთ მდგომარეობაში.. არიან უმუშევრები, ხანდაზმულები, არიან ინვალიდები, მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც არ ჰყოფნით შემოსავალი. ამაზე უნდა იფიქროს მთავრობამ თუ მას უნდა, რომ არა მარტო ეკონომიკა განვითარდეს, არამედ ქვეყანაში იყოს პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია და არ ჰქონდეს სოციალური რყევები. მთავრობა ამას, ჩემი აზრით, ვერ აცნობიერებს, ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც ჩვენ არ ვიცით, როდის აფეთქდება. 1 800 000 ადამიანმა განცხადება შეიტანა, ხელისუფლებას სთხოვს შემწეობას”...

XS
SM
MD
LG