თითქმის ცხრა წლიანი ომის შემდეგ ერაყი ამერიკის სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს. ვაშინგტონის ერაყული პოლიტიკის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ამერიკის მთავრობის ყოფილ სამ მაღალჩინოსანს ესაუბრა.
ერაყი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა გასულ თვეს დატოვა. ამერიკის არმიამ დატოვა ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „სუვერენული, სტაბილური და თავდაჯერებული“ უწოდა. ამერიკის არმიის ერაყიდან გაყვანის პირობა მან თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში დადო. თუმცა, ერაყის მთავრობასთან მოლაპარაკებები ჯარების დარჩენის შესაძლებლობის შესახებ მაინც დაიწყო. მოლაპარაკება ფუჭი აღმოჩნდა. ერაყის მთავრობამ უარი თქვა ამერიკელი სამხედროებისთვის იმუნიტეტის მინიჭებაზე, რომელიც მათ ერაყული კანონმდებლობის მიხედვით სამართლებრივი დევნისგან დაიცავდა. ეს კი ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა იყო.
მას შემდეგ რაც ამერიკის ჯარებმა ერაყი დატოვეს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. გახშირდა აფეთქებები. მიუხედავად ამისა, თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა დარწმუნებულია, რომ ერაყის მთავრობა და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები შექმნილ ვითარებას გაუმკლავდებიან. პანეტას ოპტიმიზმს არ ეთანხმება ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოენი.
„მე არ ვფიქრობ, რომ ერაყს გააჩნია შესაძლებლობა, რათა საკუთარი თავი საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას. მათ არ გააჩნიათ საჰაერო თავდაცვის სისტემები. არ ყავთ სამხედრო-საჰაერო ძალები, არ გააჩნიათ სახმელეთო-სამხედრო ქონება და კონტრდაზვერვის შესაძლებლობები. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ მათ სირთულეები ელით,“- ამბობს კოენი.
ის არ გამორიცხავს, რომ შეერთებული შტატების არმიის გარკვეული ნაწილები რეგიონში დარჩნენ.
„ჩვენ რეგიონის სხვა ქვეყნებში სამხედრო ძალებს განვათავსებთ, თუმცა ადგილზე ყოფნას სულ სხვა ეფექტი აქვს,“ - ამბობს კოენი.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გენერალი ბრენტ სკოუკროფტი ამბობს, რომ ამერიკის ჯარებს ერაყი არ უნდა დაეტოვებინათ.
„ვფიქრობ, ერაყი კვლავ სირთულეების წინაშე დგას კომპრომისების მოძებნის თვალსაზრისით, რაც აუცილებელია სისტემის ფუნქციონირებისთვის. ამ კომპრომისების მიღწევა კი გაცილებით გაადვილდებოდა ერაყში ამერიკის ჯარების ყოფნის შემთხვევაში. ვშიშობ, ისინი საკუთარი ძალებით ამ კომპრომისებს ვერ მიაღწევენ,“ - ამბობს გენერალი სკოუკროფტი.
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი ერაყში სხვა საფრთხეებსაც ხედავს.
„ირანის მხრიდან გავლენის, საშიშროების და ძირის გამოთხრის საფრთხე და ალ-ყაიდას შესაძლებლობა კვლავ აქციოს ერაყი თავის ბაზად,“- ამბობს ჯონ ბოლტონი.
ამდენად, ბოლტონი მიიჩნევს, რომ ამერიკის ჯარების ერაყიდან გაყვანა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებისთვის დადებითი ნიშანი ნამდვილად არ იყო. ბოლტონის აზრით, არაბულ ქვეყნებს საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი მოუწევთ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის დამზადების შესაძლებლობა და ერაყში არასტაბილური ვითარება, რეგიონში ხანგრძლივი საფრთხეების ნიშანია.