ახლო აღმოსავლეთს შიიტურ ირანსა და სუნიტურ საუდის არაბეთს შორის არსებული დაპირისპირება ემუქრება.
მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ერაყის შიიტმა პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ სუნიტი ვიცე-პრეზიდენტის დაპატიმრება მოინდომა და თანამდებობიდან გადააყენა ასევე სუნიტი ვიცე-პრემიერი.
ამ გარემოებამ სუნიტების, შიიტების და ქურთების ლიდერთა მუქარით სავსე განცხადებები გამოიწვია. სუნიტების ერაყის პარტიის ლიდერის იად ალავის განცხადებით პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი უნდა გადადგეს თანამდებობიდან.
მისი თქმით: “ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საფრთხის წინაშეა. ჩვენ ისეთი ლიდერი გვჭირდება, რომელიც ყველა პარტიასთან შეძლებს ურთიერთობის გამონახვას და ერაყს მომავალ არჩევნებამდე მიიყვანს. ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ბატონი მალიქის ალტერნატივა გამოინახოს.“
ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა ტარიქ ალ-ჰაშემიმ ქვეყნის ჩრდილოეთში, ქურთისტანში გაქცევით უშველა თავს, სადაც ის ამ რეგიონის პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ შეიფარა. ბარზანიმ ერაყის ლიდერებს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით:“ ეს კრიზისი ქვეყანაში ძალაუფლების განაწილების პრობლემას ეხება და პოლიტიკური პროცესის ჩიხში შესვლის მუქარას შეიცავს.“
როგორც საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ექსპერტი ერაყის საკითხებში პიტერ ჰარლინგი ამბობს თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ამერიკელებმა ერაყი არასტაბილურ მდგომარეობაში დატოვეს.
მისი თქმით: “შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დარჩა. ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კონსტიტუციის გამო ჯერ კიდევ დებატები მიმდინარეობს, ერაყის დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ურთიერთობა მოუგვარებელია, ქურთისტანის საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.“
ლონდონის სამეფო კოლეჯის ანალიტიკოსი ჯეიმს დენსლოუ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და თვლის, რომ ერაყში მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური პროცესის ნაწილია.
მისი თქმით:“ ლიბანის მსგავს პოლიტიკური სისტემის ქვეყანაში კონსესუსის საშუალებით უნდა მოხდეს მართვა. ნური ალ-მალიქი ძალაუფლების განმტკიცებისთვის იბრძვის და იმ ადამიანების ჩამოშორებას ცდილობს, რომლებიც მას ამაში ხელს უშლიან. მთავარია ეს პროცესი ეროვნულ პრობლემად არ გადაიქცეს.“
ლონდონში მცხოვრები ირანელი ანალიტიკოსის მეჰრდად ხონსარის განცხადებით დაძაბულობა ერაყში კიდევ უფრო ამძაფრებს ურთიერთობას შიიტებსა და სუნიტებს შორის ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ლიბანი, სირია, პალესტინა და ბაჰრეინი.
მეჰრად ხონსარის განცხადებით:“ საუდის არაბეთი და ირანი ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან და ღიად იბრძვიან გავლენის სფერობის მოპოვებისათვის სირიასა და ერაყში.“
თავად ერაყელები კი შეშფოთებულნი არიან სუნიტი და შიიტი პოლიტიკოსების დაპირისპირებით, რომელიც შესაძლოა შეაიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.