სირიაში შექმნილი ვითარება საერთაშორისო პოლიტიკური წრეების ერთერთი მტკივნეული საკითხია. „ამერიკის ხმა“ სირიის თემაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აარონ სნაიპს ესაუბრა. შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს შეერთებული შტატები ბაშარ ალ ასადის ოპონენტებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ ვაშინგტონი სირიაში საელჩოს დახურვის შემდეგ მათ მიატოვებს, ბატონმა სნაიპმა განაცხადა:
„ჩვენ არ ვტოვებთ სირიელ ხალხს და როგორც სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა აღნშნა, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ დიპლომატიურ ურთიერთობას სირიის მთავრობასთან. ჩვენ შევცვალეთ საელჩოს მუშაობა, უკან გამოვიძახეთ ელჩი, თუმცა დიპლომატიური კავშირები კვლავ მოქმედებს სირიელ ხალხთან და სირიის მთავრობასთან. ამდენად, ელჩი ფორდი კვლავ ჩვენი ელჩია სირიაში და ის ვაშინგტონიდან გააგრძელებს სირიელ ხალხთან ურთიერთობას,“ - განაცხადა ბატონმა სნაიპმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთის და ჩინეთის პოზიციის შეცვლა სირიის საკითხში, ქალაქ ჰომსში მასობრივი მკვლელობების შემდეგ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა:
„ღრმად ვართ შეშფოთებული. საკმაოდ დრამატული კვირის ბოლო იყო, როდესაც არაბული ლიგა, შეერთებული შტატები და გაეროს უშიშროების საბჭოს ბევრი წევრი, როგორც მუდმივი ასევე არამუდმივი, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უჭერდნენ მხარს, რათა ძალადობის შეჩერებისთვის შეეწყოთ ხელი. თუმცა, უშიშროების საბჭოს ორმა წევრმა ვეტო დაადო რეზოლუციას და არ დადგა სირიელი ხალხის, ძალადობის შეწყვეტის მხრეს, არამედ ისინი დადგნენ იმ ლიდერის მხარეს, რომელმაც ამით გამხნევებულმა უფრო აქტიურად განაგრძო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა. ამდენად, როგორც ქალბატონმა კლინტომა აღნიშნა,ეს პაროდია იყო,“ - განაცხადა სნაიპმა.
მან სირიის საკითხში ირანის როლზეც ისაუბრა.
„ირანის საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ყველა ნაწილში საკმაოდ რთულია. ისინი აფინანსებენ ტერორიზმს, მხარს უჭერენ მოძალადე ჯგუფებს, ერევიან ლიბანის, ერაყის, სირიის საშინაო საქმეებში და არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, არამედ სამხრეთ ამერიკის საქმეებშიც კი. ამდენად ირანის საკითხი მუდმივად შეშფოთების საგანია. თუმცა პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა სირიის მოდელის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ჩამოაყალიბეს. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობას, გვსურს ისტორიის მხარეს ყოფნა. ახლო აღმოსავლეთში ვითარება რადიკალურად იცვლება და ძველი რეჟიმები იმსხვრევიან. ირანი კი სწორედ ძველი რეჟიმების შენარჩუნებას ცდილობს, რეჟიმების რომელიც ხელისუფლებაში დარჩენას ყველაზე ძალადობრივი გზით ცდილობენ. ამდენად გასაკვირი არ იქნება, თუკი ირანელები გააგრძელებენ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას, ეს იქნება მათი არჩევანი, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს იმ წევრების, არჩევანი, რომლებიც ხალხის მხარეს კი არა, მკვლელი რეჟიმების მხარეს დგანან,“ - განაცხადა სნაიპმა.
მისი თქმით, თუკი ირანი დაკარგავს სირიას, ეს მათთვის უდიდესი სტრატეგიული დანაკლისი იქნება. სნაიპის განცხადბით, მართალია, ირანის გავლენა არის ლიბანშიც, თუმცა რეალურად მათთვის უფრო მნიშვნელოვანი სირიაა.
ბატონმა სნაიპმა ეგვიპტეში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, როდესაც ამერიკა ეგვიპტეში, ტუნისში, ლიბიაში მომხდარ რევოლუციებს და დემოკრატიულ ცვლილებებს აფასებდა, მთავარი იყო ის, რომ ეს სურდა ხალხს. ამდენად შეერთებული შტატები სნაიპის თქმით, საკუთარი ქვეყნის მომავალი ამჯერადაც ეგვიპტელი ხალხის ხელშია.