ევროპაში მწვავდება დებატები ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე

ევროპაში მწვავდება დებატები ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე

იაპონიის ფუკუშიმა დაიჩის ბირთვულ ელექტროსადგურში მომხდარმა ავარიამ ევროპაში ისევ მისცა ბიძგი მწვავე დებატებს იმის თაობაზე ღირს თუ არა, რომ ევროპამ კვლავაც განაგრძოს ამ ენერგიით სარგებლობა.

ალბათ ეს დებატები განსაკუთრებულ ფორმებს იძენს საფრანგეთში, რომელიც მსოფლიოში ბირთვული ტექნოლოოგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და აშშ-ის შემდეგ ბირთვული ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელია. საფრანგეთში მოქმედი 58 ბირთვული ელექტროსადგური ქვეყნის ელექტროენერგიის 80 პროცენტს გამოიმუშავებს. მიუხედავად ფუკუშიმას კატასტროფისა საფრანგეთის მთავრობა კვლავაც მხარს უჭერს ბირთვული ენერგიის გამოყენებას.

ახლახანს იაპონიაში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ პრობლემას წარმოადგენს ბირთვული ენერგიის წარმოების უსაფრთხოების გაზრდა. როგორც მან თქვა ბირტვული ელექტროსადგურები რომ დაიხუროს გაუგებარია თუ რა ენერგია უნდა ჩაენაცვლოს ბირთვულ ენერგიას. მეორეს მხრივ აღსანიშნავია ის, რომ ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ იწყება ევროკავშირის ტერიტორიაზე განლაგებული 143 ბირთვული რეაქტორის შემოწმება.

აი რა მოსაზრება გამოთქვა ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ:

-„იაპონიაში მომხდარი საშინელი მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ ერთ რამეს - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში განსხვავებული პოზიციები გვაქვს ბირთვული ენერგიის საკითხთან მიმართებაში ჩვენ ერთიანი პოზიცია უნდა გამოვიმუშავოთ ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხში. გარანტირებული უნდა იყოს უმაღლესი და უმკაცრესი უსაფრთხოების სტანდარტები ბირთვულ ელექტროსადგურებში. „

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე უსაფრთხოა თუ არა დღევანდელი ბირთვული ელექტროსადგურები, მსოფლიოში ატომური ელექტროსადგურების მშენებელი ერთ-ერთი წამყვანი ფირმის „არევას“ კონსულტანტმა ბერნარ ბარემ ასე გვიპასუხა:

-„ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. თუ გაინტერესებთ ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს ბირთვული ენერგიის გამოყენების უსაფრთხოებისათვის პასუხი დადებითია. მესამე თაობის ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოებისათვის დღეს ბევრად უფრო მეტი კეთდება, ვიდრე მანამდე.“

როგორც მან თქვა მესამე თაობის რეაქტორებში ულტრატანამედროვე ტექნოლოგიაა გამოყენებული. თეორიაულად მათ უნდა გაუძლონ ტერორისტულ თავდასხმებს და სტიქიურ უბედურებებს. მაგალითად ისეთ ცუნამის და მიწისძვრას, რომლებმაც ფუკუშიმას ელექტროსადგური დააზიანეს, რომელზეც მეორე თაობის რეაქტორებია დაყენებული.

როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა ევროპის ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის „ფორატუმის“ კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტიან ტაილებუამ დღესდღეობით ევროპაში მეორე თაობის ყველა ბირთვული რეაქტორი პერიოდულად მოწმდება და მოდერნიზებას გადის.

-„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპაში შიშის საფუძველი არ მოიპოვება, რადგანაც ევროპული ბირთვული ელექტროსადგურები უდაოდ უსაფრთხოა. თუმც მიგვაჩნია, რომ ჩვენმა ბირთვულმა ინდუსტრიამ შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს იაპონიაში მომხდარი ინციდენტიდან.“

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ბირთვული ენერგიის ოპონენტები. საფრანგეთში ორგანიზაცია გრინპისის ბირთვული საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა სოფია მაინონიმ შემდეგი აზრი გამოთქვა:

-„ფუკუშიმას ავარიიდან ევროპამ ერთი რამ უნდა შეიგნოს, რომ არ არსებობს უსაფრთხო ბირთვული ელექტროსადგურები და რომ ფუკუშიმას მსგავსი რამ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხდეს.“

რაც შეეხება მესამე თაობის რეაქტორებს მაინონის აზრით დღეს არავინ იცის რამდენად უსაფრთხოა ისინი.

ევროპული ქვეყნების მთავრობები ამ საკითხში განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. აღმოსავლეთ ევროპის ზოგი სახელმწიფო ისევ მხარს უჭერს ბირთვული ენერგიის გამოყენებას. მაშინ როდესაც გერმანია, შევიცარია და იტალია ახალი ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობაზე მორატორიუმს აწესებენ. ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების შედეგად საფრანგეთი როგორც სჩანს დახურავს მის ერთ-ერთ ბირთვულ ელექტროსადგურს, რომელიც საკმაოდ მოძველდა.

ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ სინამდვილეში ევროპას არჩევანი არა აქვს. იგი იძულებულია გამოიყენოს ბირთვული ენერგია სანამ არ გამოჩნდება ნაკლებად საშიში ალტერნატიული ენერგიის წყარო. დღესდღეობით ერთი რამ უდაოა ევროპაში კიდევ არა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება დებატები ბირთვული ენერგიის გამოყენების თაობაზე.