რელიგია და საპრეზიდენტო არჩევნები

რელიგია და საპრეზიდენტო არჩევნები

ევანგელისტი ქრისტიანების ხმას ამერიკის პრეზიდენტის არჩევაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა

1976 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის დროს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ჯიმი კარტერს ერთ-ერთი კითხვა რელიგიის შესახებ დაუსვეს. “როდესაც ჟურნალისტმა მკითხა, დავიბადე თუ არა ქრისტიანად, მე ვუპასუხე „დიახ“. მაშინ ეს ფაქტი ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდა“ - იხსენებს ყოფილი პრეზიდენტი.

ბატონი კარტერის მიერ სარწმუნოებაზე გახსნილად ლაპარაკმა მას ტრადიციულად კონსერვატიულ შტატებში ელექტორატის დიდი მხარდაჭერა მოაპოვებინა და გზა თეთრი სახლისკენაც გაუხსნა. მას შემდეგ ევანგელისტი ქრისტიანების ხმას რესპუბლიკელი თუ დემოკრატი პრეტენდენტების მხრიდან ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

“აქვს თუ არა მნიშვნელობა სარწმუნოებას? ნამდვილად აქვს“ - ამბობს რესპუბლიკელი კანდიდატი ნიუტ გინგრიჩი. ექსპერტების აზრით მან სამხრეთ კაროლინას პრაიმერი სწორედ იმიტომ მოიგო, რომ გათვლა უფრო კონსერვატიულ ელექტორატზე გააკეთა. გინგრიჩი ჯერ პროტესტანტი ქრისტიანი იყო და შემდეგ კათოლიკე გახდა.

„ძალიან შევწუხდები, ვინმემ რომ დაიჩემოს - სარწმუნოება ადამიანის განსჯის უნარზე არ მოქმედებსო. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება გქონდეს განსჯის უნარი, თუკი რწმენა არ გაგაჩნია. მე, როგორც ამომრჩეველმა, როგორ უნდა განდო ძალაუფლება, თუკი არ ლოცულობ? მიმაჩნია, რომ ღმერთის მიერ მინიჭებული სიცოცხლის საჩუქრის განცდა ადამიანის ქცევას და აზროვნებას გარკვეულ ფარგლებში აქცევს და მე ამას „ამერიკას“ ვუწოდებ“ - განაცხადა გინგრიჩმა „სი-ენ-ენის“ პოლიტიკურ დებატებზე.

მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი მორმონი ქრისტიანია და საკუთარ სარწმუნოებაზე ისიც ღიად საუბრობს:

„ვიცი, რომ იესო ქრისტე მამა ღმერთის ძეა და ჩემი ხსნისთვისაა მოვლენილი. მაგრამ ისიც მესმის, რომ ბევრს სხვა შეხედულება აქვს და მე მათ რწმენას დიდ პატივს ვცემ. თუმცა, არა მგონია, რომ ეს ფაქტორი ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხში გადამწყვეტი კვალიფიკაცია უნდა იყოს“ - ამბობს ის.

ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო კამპანიებში სარწმუნოებაზე ყურადღების ამ დოზით გამახვილება ამერიკაში სწორი არ არის. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ამჟამად მიმდინარე პრაიმერებში, რომელიც მთელი ძალისხმევის კონცენტრირებას სამხრეთში მდებარე შტატების ელექტორატის რელიგიურ-კონსერვატიულ ნაწილზე აკეთებს.

მათ იციან, რომ ამომრჩეველს სწორედ ამის მოსმენა სურს. თუმცა, მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, როცა საქმე საქმეზე მიდგება და უკვე პრეზიდენტს ავირჩევთ და არა პარტიის კანდიდატს, იქ უკვე სარწმუნოება მთავარი ფაქტორი აღარ იქნება. კათოლიკეა, იუდეველი, პროტესტანტი, მორმონი, თუ სხვა, ამას მნიშვნელობა იმდენად აქვს, რამდენადაც რწმენა მის მორალურ ჩამოყალიბებაზე და ცხოვრებისეული პრინციპების განსაზღვრაზე მოქმედებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა კი საპრეზიდენტო კანდიდატის წარსულს, მის პოლიტიკურ, თუ სამეწარმეო გამოცდილებას მიენიჭება“ - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

უახლესი სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობენ, რომ ბატონი კარტერის შეხედულებები რელიგიის როლზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რეალობასთან უფრო ახლოა. ქრისტიანული კვლევითი ორგანიზაციის „ლაიფვეი რისერჩის“ (Lifeway Research) მონაცემებით ამერიკელ მოქალაქეთა საშუალოდ 16 პროცენტი აცხადებს, რომ რელიგია პრეზიდენტის არჩევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია და ისინი ხმას უფრო იმ კანდიდატს მისცემენ, რომელიც მათ რწმენას იზიარებს.

ბატონი კარტერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მან ყოველი ღონე იხმარა, რომ სახელმწიფოს და რელიგიას შორის ზღვარი კარგად გამოჩენილიყო.

„ძალიან ვფრთხილობდი, რათა ოვალური ოფისი ქრისტიანობის რეკლამისთვის და სხვა რელიგიების დამცირებისთვის არ გამომეყენებინა. ამას გარდა ყველანაირი რელიგიური ცერემონიალი თეთრ სახლს ასეთივე სიფრთხილით ჩამოვაცილე“ - იხსენებს ჯიმი კარტერი.

პრეზიდენტი კარტერი უამრავი წიგნის ავტორია, რომლებშიც ქრისტიანობაზე და ზოგადად რელიგიის პოლიტიკურ როლზეა საუბარი. მათ შორის უახლესი „წელიწადი ჯიმი კარტერთან ერთად“ იმ ბიბლიური გაკვეთილების ციკლია, რომელსაც ის კვირაობით ჯორჯიის შტატში მდებარე მშობლიურ ქალაქ პლეინში მარანეტას ბაპტისტურ ეკლესიაში ასწავლის.