ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია დასრულდა. თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა სამშაბათს ამერიკელ ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეხლა არ არის ერაყში გამარჯვების ზეიმის დრო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ამერიკული საბრძოლო მისია ფორმალურად დასრულებულია. მისი თქმით, ერაყში ტერორისტების შეტევები 2003 წლის შემდეგ საგრძნობლად შემცირებულია. გეითსმა განაცხადა, რომ ექვს თვეზე მეტია, რაც ამერიკელ სამხედროებს ერაყში საბრძოლო გაფრენა არ შეუსრულებიათ. ასევე, „ალ-ყაიდას“ ერაყულ ფრთის კავშირები საზღვარგარეთ მოქმედ ხელმძღვანელებთან ჩაშლილია. თუმცა, გეითსი არ უარყოფს, რომ ერაყში ვითარება კვლავ რთულია. მისი თქმით, „ალ-ყაიდა ერაყში დამარცხებულია, თუმცა არა გაძევებული“.
„ახლა არ არის ნაადრევი გამარჯვების აღლუმების და თვით მილოცვების დრო, მიუხედავად იმისა, რომ თავს ამაყად ვგრძნობთ იმ მისიის გამო, რაც ჩვენმა ჯარებმა დ ერაყელმა პარტნიორებმა შეასრულეს. ჩვენ კვლავ გვაქვს შესასრულებელი სამუშაო და იქ კვლავ ნაკისრი გვაქვს პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გეითსმა.
მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები გააგრძელებენ ერაყის არმიასთან და პოლიციასთან ერთად მუშაობას, ერაყის ფლოტის და საჰაერო ძალების გაწვრთნას, ასევე დაეხმარებიან ერაყელებს ხმელეთზე ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებაში. გეითსის თქმით, ერაყში ომის დროს 4,427 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 ათასზე მეტი დაიჭრა. გეითსის თქმით, ერაყის ომმა ამერიკის ყურადღება და რესურსები ავღანეთში შეასუსტა, სადაც შეერთებული შტატების არმიამ 2001-2002 წლებში თალიბანი დაამარცხა. თუმცა, ამის შემდეგ ერაყის ომში ჩართვით იქ ამბოხებულებმა გადაჯგუფება და გაძლიერება მოახერხეს. თუმცა, პრეზიდენტ ობამას მიერ ავღანეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნა და შემდეგი 12 თვე გადამწყვეტი იქნება მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი განცხადებით, შეერთებულ შტატებს წინ ავღანეთში ურთულესი კამპანია ელის.
„იქ წარმატება გარდაუვალია, მაგრამ ამას სჭირდება სწორი სტრატეგია და სურვილი. და ეს ბრძოლა ღირს,“ - განაცხადა გეითსმა.
მისი თქმით, ავღანეთში გამარჯვება ეს არის უმნიშვნელოვანესი შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. დღეს კი რობერტ გეითსი დასავლეთ ერაყში ჩავიდა. მისი სამხედრო თვითმფრინავი ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე დაეშვა. შეკითხვაზე, აგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები ერაყში ომის მდგომარეობაში ყოფნას გეითსმა განაცხადა: „არა, მე უნდა გითხრათ, რომ არა. საბრძოლო ოპერაცია შეწყვეტილია. ჩვენ კვლავ ვაპირებთ ერაყელებთან ერთად ანტიტერორიზმის საკითხზე მუშაობას. ჩვენ კვლავ ვაპირებთ ძალინ ბევრი რამის გაკეთებას, ტრენინგების, დახმარების და რჩევის ჩათვლით. ამისთვისა სწორედ ეს ბრიგადა აქ. ასე რომ მე უნდა გითხრათ, რომ გადავდივართ ერაყში ჩვენი მისიის ფინალურ ფაზაზე,“ - განაცხადა გეითსმა.
რამადის სამხედრო ბანაკის სარდალმა ვიცე-პოლკონიკმა ბადი ჰიუსტონმა განაცხადა,რომ ახლანდელი მისია საკმაოდ განსხვავებულია 2007 წელს ერაყში გეითსის მისიისგან.
მისი თქმით, ბრიგადის მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის რჩევის და დახმარების მიცემაა. რობერტ გეითსმა ერაყში ამერიკის ლიდერის გზავნილიც ჩაიტანა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა არწმუნებს ერაყელებს ამერიკის თანადგომის გაგრძელებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაცია ძირითადად ავღანეთზე იქნება გადართული, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად იღებენ პასუხისმგებლობას ერაყის საკითხზე და რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს თეთრი სახლის მაღალჩინოსნებთან ერაყში შექმნილი ვითარების შესახებ.