რვათვიან ბრძოლაში დამარცხების და სიკვდილის მიუხედავად ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი სამხრეთ ლიბიაში საჰელის რეგიონში კვლავ პოპულარულ ადამიანად რჩება. კადაფის მკვლელობაზე აფრიკელების რეაქციის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი დასავლეთ აფრიკიდან არკვევდა.
ნიგერიაში კადაფის სიკვდილმა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ეკლესიის მსახური პიეტრ ბანჯო ამბობს, რომ ეს ღმერთის ნება იყო.
„კადაფის სჯეროდა, რომ მისი სიტყვა ლიბიაში წმინდა იყო და მე მჯერა, რომ ღმერთის სამართალი აღსრულდა,“ - ამბობს ნიგერიელი მღვდელი.
საფონდო ბროკერი ოსეგბემი ჯონსონი თვლის, რომ კადაფის სიკვდილით ლიბიაში ახალი ერა დაიწყო.
“მე ვფიქრობ მათ გამარჯვება საკმაოდ მძიმე ბროლებში მოიპოვეს, სადაც წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დაიღუპა ნიგერიელების ჩათვლით. ეს ხალხი ცვლილებებისთვის იბრძოდა,“ - ამბობს ჯონსონი.
აფრიკაში კადაფის სასტიკად მოკვლის შესახებაც საუბრობენ. სენეგელელი აჰმად ხალიფა ნიასე რელიგიური ლიდერია. ის ცოტა ხნით კადაფის პოლიტიკური მრჩეველიც იყო. ნიასე ამბობს, რომ მისი მეგობარი აგრესორის თავდასხმას მოწამეობრივად შეეწირა.
„ვფიქრობ სიკვდილი მისთვის დიდი პატივი იყო, ის იარაღით ხელში იბრძოდა და უცხოელები კი მის სამშობლოს ციდან უტევდნენ,“ - ამბობს აჰმედ ხალიფა.
ამ მოსაზრებას დაკარის უნივერსიტეტის სტუდენტიც ეთანხმება. იბრაჰიმი ამბობს, რომ კადაფი უდიდესი პან აფრიკელი იყო და მან მთელი ცხოვრება აფრიკული ერთობის შექმნას მიუძღვნა. იბრაჰიმი დარწმუნებულია, რომ კადაფი დასავლეთმა მოკლა.
მუამარ კადაფი აფრიკის კავშირის ერთერთი უდიდესი სულისჩამდგელი იყო. მისი მომხრეები დღემდე ამბობენ, რომ ლიბიელი პოლკოვნიკი ბევრ აფრიკულ ქვეყანას ეხმარებოდა. თუმცა, ამავე დროს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კადაფი 1990 -იან წლებში სიერა ლეონელ და ლიბერიელ ამბოხებულებს უწევდა დახმარებას.
გერმანისტი პროფესორი ხადი ფალი მიიჩნევს რომ კადაფის სიკვდილი მთელი კონტინეტისთვის დიდი დანაკლისია.
„კადაფის დიქტატორს ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ის ისეთ რაღაცეებს აკეთებდა რაც დანარჩენ მსოფლიოში კარგად არ აღიქმებოდა. მაგრამ ის იყო აფრიკელი. მე გული დამწყდა, რომ ხალხი ცეკვავდა როდესაც მისი სიკვდილი გაიგეს და ვნახეთ თუ რა საშინლად ეპყრობოდნენ მის ცხედარს. მან ითამაშა და წააგო. ეს ცხოვრებაა,“ - ამბობს ხადი ფალი.
სენეგალის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტმა აბდულ ვადემ დამხობილ მუამარ კადაფის რამდენჯერმე დაურეკა და ბრძოლის შეწყვეტა შესთავაზა. სენეგალის მთავრობის განცხადებით, კადაფის სიკვდილი მთელი აფრიკისთვის სავალალო და მტკივნეული ფაქტია.