ენტონი კორდესმანი: ასადმა აჩვენა, რომ ის დაუნდობელი იქნება

ენტონი კორდესმანი: ასადმა აჩვენა, რომ ის დაუნდობელი იქნება

„ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ სირიაში მასობრივ სახალხო ამბოხებას“

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება უკვე დიდი ხანია საერთაშორისო პრესის და ანალიტიკოსების მსჯელობის ერთერთი მთავარი თემაა. „ამერიკის ხმა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსს ენტონი კორდესმანს ესაუბრა.

ერთერთი მთავარი საკითხი რაც დიდ ყურადრებას იმსახურებს სირიაში შექმნილი ვითარებაა. ენტონი კორდესმანის აზრით, სირიის რეჟიმის მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და გარედან ზეწოლის განეიტრალებაა. რაც შეეხება არაბული ლიგის ქვეყნების დიპლომატიურ ძალისხმევას, კორდესმანი თვლის, რომ ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან სირიაში ძალადობაა და ამის შესაჩერებლად ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული.

„ფაქტია, რომ ასადის რეჟიმი ლიბიისგან განსხვავებულია. მას ყავს ძლიერი სამხედრო ძალა და ასევე ძლიერი და დისციპლინირებული უშიშროების სამსახური. ასადმა აჩვენა, რომ ის დაუნდობელი იქნება და შემდეგ აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გარედან ზეწოლა შემცირდეს,“ - განაცხადა კორდესმანმა.

მისი თქმით, დასავლეთში უნდა გააცნობიერონ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არ მოსწონთ ასადის რეჟიმი და მის მიერ ძალის გამოყენება, ასადს სირიელ ხალხში დასაყრდენი გააჩნია. კორდესმანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ სირიაში მასობრივ სახალხო ამბოხებას, ისეთს როგორსაც ვხედავდით სხვა ქვეყნებში. ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ რეჟიმი სირიაში ძალას იყენებს ხოლო მეორე მიზეზი კი ის არის, რომ სირიაში არის ხალხი და არიან ჯგუფები, ვინც ათეული წლების მანძილზე სხვადასხვა ინტერესებით მიბმული არიან ალავიტების რეჟიმზე, რომლის წარმომადგენელიც პრეზიდენტი ასადია. კორდესმანი დარწმუნებულია, რომ სირიის პრეზიდენტი გაცილებით უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი. ასევე ასადის წინააღმდეგ ჩვენ ვერ ვიხილავთ ისეთ სანქციებს, როგორც ნატომ გამოიყენა ლიბიაში - არასაფრენი ზონის შექმნა და სხვა ღონისძიებები. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ასადი გრძელვადან პერსპექტივაში გამარჯვებულ მხარედ განვიხილოთ, კორდესმანმა განაცხადა:

„გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გაგრძელდება რეპრესიები. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი, ზოგჯერ შესაძლოა ათწლეულიც კი. თუმცა შესაძლოა ვითარება მოულოდნელად და ყოველგვარი გაფთხილების გარეშე აფეთქდეს,“ - ამბობს კორდესმანი.

შეკითხვაზე თუ რატომ არ შეიძლება ნატომ განახორციელოს სირიაზე შეტევა ლიბიის მსგავსად, კორდესმანი თვლის, რომ სირიისგან განსხვავებით ლიბის სამხედრო ძალა სასაცილო იყო. სირიას კი გააჩნია რეალური სამხედრო ძალაუფლება, ასევე ეს არის ქვეყანა, რომელიც ისრაელთან ომში რამდენჯერმე იყო ჩაბმული. ასევე სირიას აქვს ქიმიური იარაღი და გააჩნია საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საჰაერო ძალები.

კორდესმანი ისრაელისა და ირანის საკითხსაც შეეხო. შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია ისრაელის მხრიდან შესაძლო სამხედრო დარტყმა, მან აღნიშნა:

„ისრაელს აქვს ყველა საფუძველი, რათა მუდმივად შეახსენოს ირანს, რომ თუკი ის არ შეცვლის ქცევის წესს, ისრაელი გამოიყენებს სამხედრო ძალას. ეს არ არის ბლეფი. ეს არის ზეწოლის საკითხი,“ დასძინა კორდესმანმა.