დევნილების ცხელი აგვისტო

დევნილების ცხელი აგვისტო

ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლება დაიწყო იმ შენობებიდან, რომლებიც პრივატიზებულია ან საპრივატიზაციო ნუსხაშია.

აგვისტოს თვე კვლავ რთული აღმოჩნდა საქართველოში მცხოვრები დევნილებისთვის. „მკვდარ სეზონზე", როდესაც თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი შვებულების უფლებას იყენებს და ტემპერატურაც პიკს აღწევს, ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლება დაიწყო იმ შენობებიდან, რომლებიც პრივატიზებულია ან საპრივატიზაციო ნუსხაშია. გამოსახლება იმდენად უხეში ფორმებით წარიმართა, რომ დევნილებმა უკიდურეს ზომებს მიმართეს, პროტესტის ნიშნად პირიც კი ამოიკერეს და მასობრივი საპროტესტო აქციები მოაწყვეს. ამ ყველაფერს შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ცენტრალური ნაციონალურ სატელევიზიო არხებს ეს ფაქტები მხედველობიდან საერთოდ „გამორჩათ“ და მხოლოდ ის ცალკეული შემთხვევები გააშუქეს, როდესაც ხელისუფლებამ დევნილებს საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ფართები რამდენიმე ადგილას. დევნილების გამოყრას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა საერთაშორისო მედია.

„13 აგვისტოს, ათობით დევნილი ავტობუსებით გადაიყვანეს შორეულ სოფელში, თბილისიდან 350 კილომეტრის დაშორებით აფხაზეთის საზღვართან, სადაც მათ მისცეს გარემონტებული ბარაკები ელექტროგაყვანილობის, ავეჯის და სამუშაოს პოვნის პერსპექტივის გარეშე. ამ კვირას გაეროს დევნილთა სააგენტომ (UNHCR) შეშფოთება გამოსთქვა იმის გამო, რომ გამოსახლებები „აუცილებელი გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ცირკულაციის გარეშე განხორციელდა“, თუმცა განაცხადა რომ პროცედურების გაუმჯობესების მხრივ პროგრესიც იყო.“- წერს როიტერი.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არად ჩააგდო დევნილების არც პროტესტი და არც უფლებები და ისე მოიქცა, როგორც განზრახული ჰქონდა.

„პირის ამოკერვამ არავის უშველა“,- ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ანალოგიური ვითარება უცვლელად შენარჩუნდება მანამ, სანამ დევნილები არ გააცნობიერებენ, რომ ქაოსურად და არათანმიმდევრულად მოქმედება სარგებელს არ მოუტანთ. პაატა ზაქარეიშვილი დევნილებს შექმნილი სიტუაციიდან ორიგინალურ გამოსავალს სთავაზობს. „დევნილები იმდენნი არიან საქართველოში, რომ ამ ნიშნით პოლიტიკური პარტია რომ შექმნან, 10-15 ადამიანს მაინც გაიყვანენ პარლამენტში, რომლებიც მათი უფლებების ლობირებას მოახდენს. ასეთ შემთხვევაში ხელისულფებაც იძულებული იქნებოდა მათ მიმართ განსხვავებული პოლიტიკა ეწარმოებინა,“- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ დევნილების იძჲლებითი წესით გამოსახლებით ხელისულფება ყველა იმ კანონს არღვევს, რაც საქართველოს პარლამენტს მიუღია, საერთაშორისო კანპონმდებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

შიდა ქართლში დევნილთა გამოსახლების პროცესს ისეთი მასშტაბები არ მიუღია, როგორც ეს თბილისში მოხდა. შესაძლოა იმის, გამო, რომ ეს მხარე ორი წლის წინ ომის ეპიცენტრი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მცდელობა ხელისუფლების მხრიდან იმის თაობაზე, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი აქაც ანალოგიურად განხორციელებულიყო, ადგილი რამდენჯერმე ჰქონდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი აცხადებს, რომ მათ ოფისში მთელი ზაფხულის განმავლობაში აკითხავდნენ დროებითი თავშესაფრის შესაძლო დატოვის გამო შეშფოთებული დევნილები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აფრთხილებდნენ აუცილებელი გამოსახლების თაობაზე.

შიდა ქართლში საბავშვო ბაღებში დევნილები ჯერაც მრავლად ცხოვრობენ. აქ ისეთი კატეგორიაა, რომლებსაც არც წასასვლელი აქვს სადმე და არც ფულადი თანხა მიუღიათ ხელიუსფლებისგან იმისთვის, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობა შეიქმნან.