ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 22 ივლისს სპეციალური დადგენილება გამოიტანა, რომელშიც ნათქვამია,რომ 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოხდა.
1999 წელს კოსოვოს გაეროს მანდატი მიანიჭეს ნატოს 78 დღიანი საჰაერო დაბომბვების შემდეგ, რამაც ბოლო მოუღო სლობოდან მილოშევიჩის სამხედრო კამპანიას კოსოვოში მცხოვრები ალბანელების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები აღიარებს კოსოვოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.
ევროპისა და ევრაზიის საქმეებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის განცხადებით საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს კოსოვოსთან დაკავშირებულ უნიკალურ სიტუაციას. რადგან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კოსოვოს ეხება. აქ არ არის ლაპარაკი სხვა რეგიონებსა და სახელმწიფოებზე. კოსოვოს პრეცედენტი უნიკალურია და არ შეიძლება მისი განზოგადოება. განაცხადა ბატონმა გორდონმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით დადგა დრო, როდესაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით, რაც ბალკანეთში მშვიდობის და სტაბილობის დამყარებას შეუწყობს ხელს. მსოფლიოს 69 სახელმწიფომ უკვე აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და მოსალოდნელია რომ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება.
შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ კოსოვო და სერბეთი ერთად იმუშავებენ ბალკანეთში მშვიდობის დასამყარებლად. ახლახანს კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ თაჩისთან გამართული შეხვედრისას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა რომ კოსოვოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან ერთად კოსოვოს საზოგადოებაში ეროვნული უმცირესობების წარმატებულ ინტეგრაციასაც ისახავს მიზნად.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით რეფორმების კურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კოსოვოს მთავრობამ კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა დაამყაროს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, მათ შორის სერბეთთან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.
შეერთებული შტატები დაინტერსებულია კოსოვოსთან და სერბეთთან თანამშრომლობით რათა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს წარსული უთანხმოების დავიწყება და ნათელი მომავლისკენ ერთობლივი წინსვლა.