პოლიტიკური დაძაბულობა ალჟირში

პოლიტიკური დაძაბულობა ალჟირში

სახალო გამოსვლების ტალღამ ბაჰრეინი, იემენი, იორდანია, სირია, ლიბია და მეზობელი მოროკო მოიცვა.

ალჟირელებს იგივე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები აწუხებთ, რომლის გამოც არაბული სამყაროს სხვა სახელმწიფოებში სახალხო რევოლუციები მოხდა. მაგრამ ამ ჩრდილოეთ აფრიკულ ქვეყანაში სახალხო გამოსვლების ორგანიზების მცდელობები ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა, იუწყება ალჟირის დედაქალაქიდან "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი.

ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. ამჯერად აქტივისტები ალჟირის დედაქალაქის ცენტრში მთავარი საფოსტო შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდნენ. სოციალურ მედია ვებ-გვერდ „ფეისბუქზე“ მოთავსებულ განცხადებაში საპროტესტო აქცია წარმოდგენილი იყო, როგორც ახალგაზრდების მარში, რომელშიც ათასობით აქტივისტს უნდა მიეღო მონაწილეობა. მაგრამ სინამდვილეში აქციაში მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ ისინი სწრაფად დაარბია.

31 წლის ნალია ჰამიში ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ჰამიშის თქმით, პოლიცია აქტივისტების ყოველ აქციას არბევს. მას სურს, რომ ალჟირელებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის უფლება ჰქონდეთ, რაც საპროტესტო აქციების ჩატარების უფლებასაც მოიცავს.

მეზობელ ტუნისსა და ეგვიპტეში სახალხო გამოსვლებმა პრეზიდენტები დაამხო. სახალო გამოსვლების ტალღამ აგრეთვე ბაჰრეინი, იემენი, იორდანია, სირია, ლიბია და მეზობელი მოროკო მოიცვა. სახალხო გამოსვლებს ზოგიერთი ჩამოთვლილი ქვეყნის მთავრობამ რეფორმებით უპასუხა, ზოგმა კი სასტიკი რეპრესიებით.

ალჟირში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ხალხი ალჟირის ავტორიტარული მთავრობის, უმუშევრობისა და ფართოდ გავრცელებული კორუფციის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამ ფაქტორების ერთობლიობამ უბიძგა 30 წლის თარიქს, რომელიც მარკეტინგის სფეროში მუშაობს „ფეისბუქზე“ საპროტესტო მოძრაობას შეუერთდეს.

თარიქის თქმით, ალჟირელ დემონსტრანტებს სურთ, რომ ქვეყანაში კორუფციას, რეპრესიებსა და მთავრობის მიერ სახალხო დოვლათის მითვისებას ბოლო მოეღოს. მათ სურთ, რომ ნავთობით მდიდარ ალჟირში დოვლათის განაწილება უფრო სამართლიანი იყოს და რომ მთავრობამ ახალგაზრდობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალჟირის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ახალგაზრდებისგან შედგება.

იანვარში საკვები პროდუქტების გაძვირებასთან დაკავშირებული სახალხო მღელვარების შედეგად, ალჟირში ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 800 დაშავდა.

მას შემდეგ ალჟირში პერიოდულად ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს აწყობენ. საპროტესტო ღონისძიებებს მასწავლებლები, სტუდენტები, უმუშევრები და დემოკრატიის მომხრე აქტივისტები მართავენ. თუმცა დემონსტრაციების მიუხედავად, სხვადასხვა ჯგუფებმა ერთიანი მოძრაობა დღემდე ვერ შექმნეს.

საიდ საადი ერთერთი ოპოზიციური პარტიის წევრია, რომელიც ხსენებულ გაერთიანებაში შედის.

საადის მიაჩნია, რომ სხვადასხვა საპროტესტო აქციები ადრე თუ გვიან ერთ მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში გაერთიანდება, რომელიც ალჟირის მთავრობას მშვიდობიანი მეთოდებით პოლიტიკური ცვლილებების ჩატარებას აიძულებს ან წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო მღელვარება მასიური ძალადობით დამთავრდება.