როგორ გააგრძელებენ ამერიკელი ჯარისკაცები ცხოვრებას?

როგორ გააგრძელებენ ამერიკელი ჯარისკაცები ცხოვრებას?

ამერიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს არაერთი პროგრამა აქვთ ჯარისკაცებისთვის სამოქალაქო სამსახურის მონახვაში დასახმარებლად.

ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანასთან ერთად, ქვეყანაში, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების რიგებში - მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ გაცილებით მნიშვნელოვანი დატვირთვა მიიღო. სახლში დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა არ იციან, სად იმუშავებენ და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას.

უფროსი სერჟანტი ბრეტ ბოლტონი საჰაერო ძალებში უკვე 6 წელია მსახურობს. ახალი წლიდან ის საბრძოლო ოპერაციებიდან შორს ამერიკაში ახალ ცხოვრებას დაიწყებს.

„პირველ რიგში სამსახური უნდა ვიშოვო და შემდეგ ოჯახი შევქმნა “ - ამბობს ის.

ამერიკაში სატვირთო მანქანის მძღოლების სამსახურები მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ პროფესიით ოჯახის რჩენა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გართულდა.

ბრეტი სამხედრო სამსახურში დარჩენის შესაძლებლობას ვერ ხედავს. ლოგისტიკურ-საექსპედიციო 387-ე დივიზია სპეციალურად ერაყის ომის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნა და ომის დამთავრების შემდეგ მას აუცილებლად დაშლიან. დივიზიაში მომსახურე პერსონალის ერთი ნაწილი სხვა დანაყოფებში გადანაწილდება, ნაწილი კი სამოქალაქო სამსახურის მონახვას ეცდება. თუმცა, შეიარაღებულ ძალებში მათი დატოვება დიდ სირთულეებს უკავშირდება გამომდინარე იქიდან, რომ კონგრესი შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის შეკვეცას ცდილობს:

„ამჟამად, უმუშევრობის მაჩვენებელი მთელ ქვეყანაში ძალიან მაღალია. მე ჯარში 6 წელი ვიმსახურე და ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია. ახლა მინდა სამოქალაქო სამუშაო ვნახო, მაგრამ საიმედოს ჯერ ვერაფერს ვხედავ.“

ამერიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს არაერთი პროგრამა აქვთ ჯარისკაცებისთვის სამოქალაქო სამსახურის მონახვაში დასახმარებლად. მაგრამ, მიუხედავად დახმარებისა, ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის ორმაგად ართულებს სამსახურის შოვნას.

ამერიკის მთავრობამ ვეტერანებისთვის დასაქმების გაადვილება პრიორიტეტად დაისახა. ჯარისკაცები კი ფიქრობენ, რომ მათ საკუთარ სამშობლოს ბევრი რამ შესწირეს და ახლა დროა სამშობლომ მათ ღვაწლი დაუფასოს.