სირტეში ბრძოლები გრძელდება

სირტეში ბრძოლები გრძელდება

კადაფი ლიბიელებს გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებს.

ლიბიაში მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტეში ბრძოლები გრძელდება. ყოფილი ლიდერი ლიბიელებს მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი დროებით მთავრობას, რომელმაც მას ქვეყნის მართვის პრივილეგია ჩამოართვა. დღევანდელ შეტაკებათა ეპიცენტრი უაგადუგუს საკონფერენციო ცენტრი გახდა, სადაც კადაფის მხარდამჭერების დიდი კონცენტრაცია აღინიშნება.

გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქალაქის აღებისთვის მას სულ რამდენიმე დღე დასჭირდება. მათი მებრძოლები ქალაქს ორივე მხრიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან უტევენ. სირტედან ტრიპოლიმდე სულ 400 კილომეტრია. ქვეყნის დედაქალაქს უკვე რამდენიმე თვეა გარდამავალი მთავრობა აკონტროლებს.

კადაფი ამასობაში აუდიო და ვიდეო მოწოდებებს ავრცელებს, რომლებშიც მეზობელ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მათ ლიდერებსაც ერთმანეთის მიყოლებით მოიცილებს. ლიბიელებს კი გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებს. სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ კადაფი არ გამოჩენილა. აუდიო და ვიდეო მასალის მიხედვით ძნელია იმის თქმა, თუ როდის არის ის ჩაწერილი.