ეგვიპტეში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ისტორიული სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი დარბაზში საავადმყოფოს საკაცით შემოიყვანეს.
მუბარაქმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უხეშ გამოყენებაში და წინასწარ განზრახულ მკვლელობებში ბრალი არ აღიარა.
დღეს მთელი ეგვიპტე ტელეეკრანებთან იყო თავშეყრილი. სასამართლო დარბაზის წინ მოწყობილ დიდ ეკრანთანაც დიდძალი ხალხი უყურებდა პროცესის პირდაპირ ტრანსლიაციას.
30 წლიანი ძლევამოსილი მართველობის შემდეგ პრეზიდენტი ეგვიპტელებმა პირველად ნახეს პატიმრის თეთრ სამოსში რკინის გისოსების მიღმა მჯდარი. მუბარაქი პირველი სახელმწიფო ლიდერია, რომელიც არაბული ამბოხის ქვეყნებში მართლმსაჯულებას წარუდგა.
დრამატული დღე ქაიროში მალე დასრულდა. სასამართლო მოსმენა 15 აგვისტომდე გადაიდო. 900-მდე ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ექსპრეზიდენტს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენი ელის. მუბარაქს კორუფციაში მონაწილეობა, სახელმწიფო ხარჯების მითვისება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაც ედება ბრალად.