სირიაში მასობრივი გამოსვლებია

სირიაში სახალხო მღელვარების დაწყების შემდეგ 10 000 ადამიანი დაიღუპა.

სირიის ქალაქ ალეპოში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე, მაშინ როდესაც გაერო შიშობს, რომ ბოლოდროინდელი ტერაქტები ალ-ყაიდას მიერ იყო ორგანიზებული.

ოპოზიციამ სირიელებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა ალეპოს უნივერსიტეტში დაღუპული სტუდენტების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც უშიშროების ძალებთან დაპირისპირებას შეეწირნენ.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, დამასკოში მომხდარი აფეთქებები, რომლის დროსაც 55 ადამიანი დაიღუპა, ალ-ყაიდას მიერ იყო ორგანიზებული.

მისი თქმით, სირიაში ტერორისტების გააქტიურება დამატებით პრობლემებს უქმნის საერთაშორისო საზოგადოებას. გაეროს გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ სირიაში სახალხო მღელვარების დაწყების შემდეგ 10 000 ადამიანი დაიღუპა.

როგორც გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი რობერტ მუდი აცხადებს:

“ ძალზე შემაშფოთებელია აფეთქებების გახშირება, რომლებიც ძირითადად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული.“

გენერალ მუდის განცხადებით, გაეროს დამკვირვებელთა რიცხვმა 260-ს მიაღწია, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ძალადობის შეჩერებას.