სირიის უშიშროების ძალებმა სულ ცოტა ორი ადამიანი მოკლეს, რომლებიც ქურთების ოპოზიციის ლიდერის დაკრძალვას ესწრებოდნენ.
სირიელი აქტივისტების განცხადებით, ეს ინციდენტი ქალაქ ქამიშლიში მოხდა, სადაც მაშაალ თამოს გასვენება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციად გადაიქცა, რომელშიც 50,000-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა.
მაშაალ თამო ქურთთა მომავლის პარტიის დამაარსებელი და სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრი იყო. მოწმეების განცხადებით, მის დაკრძალვაზე მისული ხალხი ასადის მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.
თამო ნიღბიანმა ბოროტმოქმედებმა საკუთარ სახლში გამოასალმეს სიცოცხლეს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ეს მკვლელობა შეიარაღებულ ტერორისტებს გადააბრალა.
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ქურთების ლიდერის მკვლელობაში სირიის მმართველი რეჟიმი დაადანაშაულა.