პრეზიდენტი ობამა კონგრესს ახალ პროექტს აცნობს

პრეზიდენტი ობამა კონგრესს ახალ პროექტს აცნობს

გეგმა ღარიბი და საშუალო ფენისთვის, ასევე მცირე ბიზნესებისთვის, ახალ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.

ბარაკ ობამამ კანონმდებლებს ეკონომიკის განვითარების ახალი გეგმის დამტკიცებისკენ მოუწოდა. გუშინ გვიან საღამოს გაკეთებულ მოხსენებაში პრეზიდენტმა კონგრესის გერთიანებულ სხდომას 450-მილიარდი დოლარის ოდენობის სამუშაო ადგილების შექმნის პროექტი წარუდგინა. ის საგადასახადო შეღავათებს და მთავრობის ბიუჯეტის შეკვეცის რეფორმებსაც მოიცავს.

ბატონმა ობამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ შეერთებულ შტატებში საერთო-ეროვნული კრიზისია და კანონმდებლები მოვალენი არიან პარტიული ინტერესები დროებით გვერდზე გადადონ და ქვეყნის ინტერესები მთავარ პრიორიტეტად დაისახონ. რესპუბლიკელთა და დემოკრატთა უკიდურესად გამწვავებულ დაპირისპირებას მან „პოლიტიკური ცირკი“ უწოდა და კანონმდებლებს სთხოვა ეკონომიკის საკითხებში მაინც გამოიჩინონ წინდახედულება.

პრეზიდენტის განცხადებით, გეგმა ღარიბი და საშუალო ფენისთვის, ასევე მცირე ბიზნესებისთვის, ახალ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ის ახალ სამუშაო ადგილებს რამდენიმე დარგში შექმნის, მათ შორის ინფრასტრუქტურების მშენებლობის, განათლების და კომუნალური მომსახურების სფეროებში. პროექტი მოდერნიზაციას და ვაკანსიების შექმნას ყველაზე ცოტა 35 ათას სკოლაში ითვალისწინებს.