დღეს ცხინვალში საარჩევნო მარათონი სრულდება

დავით სანაკოევი წინასაარჩევნო კლიპში აქცენტს სიახლეების აუცილებლობაზე აკეთებს და ხაზს უსვამს საკუთარ დამსახურებასაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

დღეს დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში მეორე საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ტური იმართება, სადაც ორი კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს. სახალხო დამცველი დავით სანაკოევი და უშიშროების ექს-შეფი ლეონიდ თიბილოვი.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ბელა პლიევას ცნობით, შუადღის სამი საათისთვის მოსახლეობის აქტივობა 47 პროცენტს შეადგენდა. ეს ინფორმაცია, როგორც წესი, ქვეყნდება საგანგებოდ არჩევნებისთვის შექმნილ მედია ცენტრში. დღეს იქ, გამონაკლისის სახით, შეკითხვაც კი დაისვა, ჟურნალისტს აინტერესებდა დაფიქსირდა თუ არა რაიმე დარღვევა.

„ამ დროისთვის არანარი დარღვევა არაა დაფიქსირებული,“– განაცხადა ბელა პლიევამ, ცეესკოს თავმჯდომარემ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მას ჰქონდა საშუალება თვალყური ედევნებინა დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ომბუდსმენის, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის მუშაობისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. „მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვამჩნევ, რამდენად გულწრფელად ეკიდება ამა თუ იმ საკითხს ადამიანი, დავით სანაკოევის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ის მთელი მონდომებით ცდილობდა მოკიდებოდა საქმეს და ბევრიც შეძლო გაეკეთებინა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მისი დახმარებით, არაერთი ქართველი განთავისუფლდა ტყვეობიდან. ამ ორ კანდიდატს შორის განსხვავება დიდია. თიბილოვი „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომელია და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც ექნება ამ უწყებასთან კავშირები. ამ ასაკის ადამიანში რადიკალური მენტალური ცვლილებების დაჯერება ცოტა რთულია, მაშინ როდესაც, სანაკოევი ახალგაზრდა ადამიანია და მოტივირებულია სიახლეებისკენ. მისი არჩევის შემთხვევაში, ვფიქრობ, ის შეეცდება ზომიერი პოლიტიკის გატარებას და კოკოითის გუნდის წევრების მიმართ ისეთ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, როგორსაც, მაგალითად თიბილოვის გამარჯვების შემთხვევაში ველი. ვფიქრობ, თუ ის მოვიდა ხელისუფლების სათავეში და ალბათ ასეც იქნება, იგი ჩაანაცვლებს კოკოითს კლანს. თიბილოვი შეეცდება იმასაც, რომ რუსეთიდან შესული ფულის ასე უკონტროლო ხარჯვის პროცესს წერტილი დაუსვას. რაც შეეხება რუსეთთან კანდიდატების ურთიერთობას, რუსეთისთვის ორივე მათგანი მისაღებია,“– აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

თიბილოვის სასარგებლოდ მუშაობს ის ფაქტი, რომ მან ჯიოევას მომხრეთა უმეტესობის მიმხრობა შეძლო. სანაკოევს კი გამუდმებით ახსენებენ, რომ კოკოითის გუნდის წევრია, რასაც თავად კატეგორიულად უარყოფს. ამის დასამტკიცებლად მან ისეთი არაორდინალური ნაბიჯიც კი გადადგა, რაც დაღუპულ მეომართა საფლავებზე მისვლა და დაფიცება იყო იმის თაობაზე, რომ „ის კოკოითის კაცი არაა“.

დავით სანაკოევი წინასაარჩევნო კლიპში აქცენტს სიახლეების აუცილებლობაზე აკეთებს და ხაზს უსვამს საკუთარ დამსახურებასაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მის კლიპში ჟღერს ფრაზაც, რომლის თანახმად, მისი ხელშეწყობით ქართული მხარის მიერ დაკავებული არაერთი ტყვე განთავისუფლდა.

პაატა ზაქარეიშვილი ალა ჯიოევას შესახებაც საუბრობს, რომელიც ამ დრომდე არც ერთი პრეზიდენტობის კანიდატის მხარს არ იჭერს და დამკვირვებლის პოზას იკავებს. თიბილოვმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ის ჯიოევასთან თანამშრომლობას აპირებს. ტელედებატების დროს მან დავით სანაკოევსაც პირდაპირ შესთავაზა მასთან მუშაობა. პაატა ზაქარეიშვილს მიჩნია, რომ ჯიოევა ყველაზე მოგებული იმ შემთხვევაში იქნება, თუ იგი არ ითანამშრომლებს მომავალ ხელისუფლებასთან და დაიწყებს მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორ ოპოზიცია.

ფეისბუქზე სპეციალური გვერდი, რომელიც კანდიდატების რეიტინგს ასახავს, იუწყება, რომ თბილოვსა და სანაკოევს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ.