ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაცივდა

ექსპერტებს სჯერათ, რომ ამერიკა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, წლების განმავლობაში იმ უკიდურეს ფორმას არ მიიღებს.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას დადებითი ურთიერთობა რუსეთთან მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ ე.წ „გაუმჯობესებულმა“ ვითარებამ, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან იარაღის კონტროლის შეთანხმებასთან ერთად, ავღანეთის, ირანისა და ლიბიის საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასაც ხელი შეუწყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაეროს რეზოლუციას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალასადის წინააღმდეგ ჩინეთთან ერთად ვეტო დაადო, ექსპერტები თვლიან, რომ ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაცივდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ ნაბიჯს „დაცინვა“უწოდა.

კვირას რუსეთი ახალი არჩევანის წინაშე დადგება. ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამარჯვების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს პოსტი 2000 წლიდან 2008 წლამდე ორჯერ უკვე ეკავა, ბატონი პუტინი მესამე ვადით არჩევას უცნაურად სულაც არ თვლის.

ჯორჯთაუნის უნივერისტეტის ექსპერტი ანჯელა სტენტი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი მოძველებულ მეთოდებს იყენებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის დროს:

„პუტინი იმავე ხერხებით მოქმედებს, რასაც 2000 წლიდან მოყოლებული იყენებდა. იგი ამერიკას მტრად თვლის და სწორედ ეს ქვეყანა მიაჩნია რუსეთში არსებული ბევრი პრობლემის მიზეზად. უფრო მეტიც, მას რატომღაც ჰგონია, რომ დუმის არჩევნების წარუმატებლად დასრულება, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის რუსეთის ოპოზიციისადმი მხარდაჭერამ განაპირობა.“

აღნიშნულ საკითხზე ექსპერტ რობერტ ლეგვოლდს კი მეორე მაგალითი მოჰყავს:

„როცა შეერთებული შტატების ახალი ელჩი რუსეთში - მაიკლ მაკფაული, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა, ეს ფაქტი რუსეთის ხელისუფლებისთვისაც ცნობილი იყო. მან სპეციალური წარმომადგენელიც კი მიავლინა, რომელმაც შეხვედრა კამერაზე აღბეჭდა. მიუხედავად ამისა, პუტინის გავლენის ქვეშ არსებულმა მედიამ ამერიკის ელჩზე მწვავედ გაილაშქრა და ოპოზიცია შეერთებული შტატებიდან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულა.“

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია შეერთებულმა შტატებმა უარყო. მასაჩუსეტის შტატში მდებარე სმიტის კოლეჯის ესპერტი სერგეი გლებოვი აღნიშნავს, რომ ბატონი პუტინი ანტი-ამერიკულ რიტორიკაში ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა და ასევე მიიჩნევს, რომ პუტინი ყველაფერს შეეცდება იმისათვის, რომ ამერიკის ზეგავლენა შეზღუდოს, რაც ასევე ამერიკული პოლიტიკის გავრცელებასაც შეასუსტებს.

პარალელურად, ექსპერტებს სჯერათ, რომ ამერიკა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, წლების განმავლობაში იმ უკიდურეს ფორმას არ მიიღებს, რომელიც წარსულის მსგავსად, ცივი ომის წარმოშობის მიზეზად იქცევა.