სამშობლოში დაბრუნებისთანავე იემენის პრეზიდენტი -ალი აბდულა სალეჰი- დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავის დადების და პოლიტიკური კრიზისის დასრულების მოწოდებით გამოდის. განცხადება დღეს ქვეყნის უმაღლესი პირის დედაქალაქში დაბრუნებიდან სულ რამდენიმე საათში გავრცელდა. იემენში ჩამოსვლამდე პრეზიდენტმა საუდის არაბეთში სამი თვე დაჰყო, სადაც ის შეიარაღებულ დაპირისპირებაში მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა.
მოწოდებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა დიალოგია. უკვე ხუთი თვეა იემენში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია ხდება. მხოლოდ უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე ასამდე ადამიანი დაიღუპა.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი სალეჰის დაბრუნება კიდევ უფრო გაამწვავებს კრიზისს იემენში. კვირის დასაწყისში ქვეყნის უმაღლესი პირი 6 ქვეყნისგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტმა შუამავლებს ძალაუფლების დათმობის შესახებ სიტყვიერი თანხმობა ამჯერად უკვე მესამედ მისცა. თუმცა, საბოლოო ვერსიისთვის ხელი არცერთხელ არ მოუწერია.