„ცხინვალში ერთმანეთს ახალგაზრდები და უფროსი თაობა დაუპირისპირდება“

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის არჩევნების შესახებ ამბობენ, რომ 8 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდება ახალგაზრდობა და მოწიფულობა.

ამჯერად უკვე მცირე ცდომილების გარეშე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთს პრეზიდენტი ორ კვირაში ეყოლება. მეორედ დანიშნულმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა მეორე ტურის საჭიროება გამოავლინა. ხელახალი არჩევნები იქ 8 აპრილისთვისაა ჩანიშნული.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტად ცხინვალში მიიჩნევა კანდიდატი, რომელიც 51პოცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებს. ოთხი კანდიდატიდან 25 მარტს დანიშნულ არჩევნებში ამომრჩეველთა ნახევარის სიმპათიის მიღება ვერც ერთმა ვერ შეძლო. პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს ლეონიდ თიბილოვმა და დავით სანაკოევმა 42 და 24 პროცენტით. მესამე ადგილზე კი დიმიტრი მედოევი გავიდა, რომელსაც ექსპერტების უმრავლესობა კრემლის ფავორტად მიიჩნევდა. იგი სულ ორასიოდე ხმით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ დავით სანაკოევს, სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველს. მან ამომრჩეველთა 6627 ხმა მიიღო, მედოევმა კი 6415. რაც შეეხება კომუნისტსა და პარლამენტის სპიკერს, სტანისლავ კოჩიევს, მას მხოლოდ 5,26 პროცენტი ერგო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მხარი სულ 1417–მა ამომრჩეველმა დაუჭირა. დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებში ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენს ის რაოდენობა, ვინც ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა. ასეთი სულ 216 ბიულეტენი აღმოჩნდა. ბელა პლიევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს:

„კანონმდებლობა ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის დანიშნვას არაუგვიანეს 15 დღეში. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომლებმაც ხმების შედარებით მეტი რაოდენობა დააგროვა. ამ შემთხვევაში ესენი არიან ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი.“

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის არჩევნების შესახებ ამბობენ, რომ 8 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდება ახალგაზრდები და ხანდაზმული თაობა. დავით სანაკოევი, რომელიც 36 წლის კანდიდატია და ლეონიდ თიბილოვი, რომელსაც გუშინ 60 წელი შეუსრულდა. ოსური ინტერნეტგამოცემები იმასაც აღნიშნავნ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანიდატი, რომელსაც ნოემბერში პრეზიდენტად არჩეული ალა ჯიოევას მომხრეთა უმრავლესობა დაუჭერს მხარს. სხვათა შორის, დღემდე ოფიციალურად არ გაუქმებულა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის დადგენილება, რომლითაც ჯიოევა პრეზიდენტად გამოცხადდა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებში მრავალი დარღვევა დაფიქსირდა, 25 მარტის არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ორი დარღვევის აღმოჩენა შეძლეს. ერთი ეხებოდა ბიულეტენების გატაცებას, ხოლო მეორე იმდენად უმნიშვნელო გადაცდომას, რომლის შესახებაც „საუბარიც არ ღირს“. ამის თობაზე ასევე ბელა პლიევამ განაცხადა:

„მთლიანობაში დაფიქსირდა ორი მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა ამ არჩევნებზე. ერთმა ამომრჩეველმა გაიტაცა არა ორმოცი, ან ოცდაათი ბიულეტენი, როგორც აცხადებდნენ, არამედ მხოლოდ 18. ასევე სამართალდამცავების მიერაა დაკავებული ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.“

წინასაარჩევნო პერიოდში იგრძნობოდა, რომ ლეონიდ თიბილოვი ძირითად კონკურენტად რუსეთის ფედერაციაში ელჩს დიმიტრი მეოდოევს მიიჩნევდა. დებატების დროს ისინი რამდენჯერმე გამოვიდნენ ურთიერთბრალდებებით და კომპრომატებით ერთმანეთის წინააღმდეგ. მოვლენებმა აჩვენა, რომ თიბილოვს პრეზიდენტობის რეალური შანსი აქვს. იგი აცხადებს:

„ჩვენს ხალხს საკმარისი სიბრძნე აქვს და პოლიტიკური მომწიფებაც ყოფნის. ახლა მათ სჭირდებათ მხოლოდ ორი კვირაღა მოთმინება და ვისურვებდი, რომ მოენახათ საკუთარ თავში ის ვაჟკაცობა, რაც აუცილებელია, რომ ჩამოყალიბდნენ იმის თაობაზე, თუ ვის უნდა დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის პოსტზე“.

არჩევნების მეორე ტურში, 8 აპრილს გამარჯვებას უშიშროების ყოფილ შეფს, ლეონიდ თიბილოვს უწინასწარმეტყველებენ. მის სასარგებლოდ მოქმედებს ორი მომენტი: პირველი ის, რომ იგი კოკოითისთან ბოლო პერიოდში დაპირისპირებულ კადრს წარმოადგენდა და მეორე ის, რომ მან ალა ჯიოევას მიმართ თანადგომის ჟესტი რამდენჯერმე დააფიქსირა, რამაც ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა თვალში მის ავტორიტეტზე დადებითად იმოქმედა.

რაც შეეხება დავით სანაკოევს, იგი არჩევნების მეორე ტურში გადასვლით ძალიან კმაყოფილია და წარმატების იმედიც აქვს მომავალში. იგი აცხადებს: „იმ ხალხის იმედი მაქვს, ვისაც სურს ცვლილებები სამხრეთ ოსეთში, ცვლილებები უკეთესობისკენ, რაც მოიტანს ღირსეულ ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეებისთვის“.

სანაკოევის რიტორიკაში ჯიოევას თემას ადგილი არასდროს დაუკავებია. იგი აქცენტს მხოლოდ უკეთეს მომავალზე აკეთებს და ხალხსაც ამას პირდება. როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები მოწმობს, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში სიტუაციის განვითარება ნებისმიერი არაპროგნოზირებული სცენარითაა შესაძლებელი.