ორშაბათს, არიზონის შტატის ოფიციალურმა პირებმა ჯო ბაიდენის მცირე უპირატესობით გამარჯვება დაადასტურეს. ამით გაგრძელდა ბაიდენის გამარჯვებების ჯაჭვი იმ შტატებში, სადაც ტრამპმა წარუმატებლად სცადა იმის დამტკიცება, რომ ხმების გაყალბების გამო წააგო.
ასევე ნახეთ: მიჩიგანში შედეგების სერტიფიცირება დროებით ჩავარდა, რაც არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას აყოვნებს
ბაიდენმა შტატის 11 საარჩევნო კოლეგიის წევრის ხმა, მცირედით, 10 ათასი ხმის უპირატესობით მოიგო. ამ ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატში დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა 1996 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
არიზონის შტატის დემოკრატმა სახელმწიფო მდივანმა ქეითი ჯობსმა შტატის საარჩევნო შედეგების სერტიფიცირება მოახდინა, მაგრამ მის გვერდით იყო ორი რესპუბლიკელი, გუბერნატორი დაგ დუსი და შტატის მთავარი პროკურორი, მარკ ბრნოვიჩი.
ხმების სერტიფიცირების მიუხედავად, არიზონაში ტრამპის მხარდამჭერები შედეგს ჯერ კიდევ აპროტესტებენ.
შტატის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, კელი ვარდმა სასამართლოს სთხოვა, ნება მისცეს ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების და კონვერტების შემოწმება დაიწყოს. ის ირწმუნება, რომ ხელმოწერების არასათანადო შემოწმებამ ყალბი ხმების ჩათვლის საშულება შექმნა.
ასევე ნახეთ: ტრამპი ხმის მიცემის პროცესზე: "ეს ამერიკელი ხალხის მოტყუებაა"
არიზონის მიერ ხმების სერტიფიცირებამ, შეერთებული შტატების სენატისთვის რბოლაში გამარჯვება ყოფილ ასტრონავტ, დემოკრატ მარკ კელისაც მოუტანა, რომელიც რესპუბლიკელი სენატორის, მარტა მაკ’სალის წინააღმდეგ იყრიდა კენჭს.
სენატში ამ ადგილს დიდი ხნის განმავლობაში, სენატორი ჯონ მაკკეინი იკავებდა. მაკკეინი 2018 წელს გარდაიცვალა.