პოლიციის რეფორმა - შტატები გამოსავლის გზებს ეძებენ

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელების ქმედებებს ფერადკანიანთა გარდაცვალების არაერთი შემთხვევა მოჰყვა, შტატებმა დაიწყეს მსჯელობა თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს საპოლიციო ძალებში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სამართალდამცავები.

ვირჯინიის შტატი, ამერიკის სხვა შტატების 80%-ის მსგავსად პოლიციელებისგან მხოლოდ საშუალო სკოლის განათლებას ითხოვდა, თუმცა ვირჯინიის გადაწყვეტილებით პოლიციელები ვალდებულები იქნებიან სამსახურის დასაწყებად წარადგინონ კოლეჯის დიპლომი და არა საშუალო სკოლის განათლების დამადასტურებელი მოწმობა.

არლინგტონის ოლქის პოლიციის უფროსი ჯეი ფარი აღნიშნავს, რომ განსხვავება პოლიციელების ქმედებასა და პროფესიონალიზმში რეალური და შესამჩნევია. ის იხსენებს პერიოდს, როდესაც პატარა პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა და ამბობს, რომ პოლიციის რეფორმა სამართალდამცავებისთვის დამამცირებელი გზით არ უნდა მოხდეს. თუმცა აქვე ამბობს "ბევრი ადამიანის პერსპექტივა, რომლებთანაც მე ვმუშაობდი, ძალიან ვიწრო და შეზღუდული იყო. განათლების არ არსებობა ნამდვილად აისახება იმაზე ,თუ როგორ მუშაობენ ისინი და როგორ აისახება ეს საზოგადოებაში მათ მუშაობაზე," - ამბობს არლინგტონის ოლქის პოლიციის უფროსი ჯეი ფარი.

ასევე ნახეთ: პოლიციის რეფორმა - ნიუ-იორკში კრიმინალი რეკორდულ მაჩვენებელზეა 

პატრიცია მალონე უკვე მეორე წელია არლინგტონის პოლიციის ოფიცერია. ის ამბობს, რომ საზოგადოებაში მუშაობისთვის და საქმიანობის სწორად შესასრულებლად პოლიციელს, სჭირდება დიდი მოთმინება.

"მოთმნინება, ბევრი მოთმინება და ხალხთან საუბარი აუცილებელია. კოლეჯში რეგულარულად მიწევდა ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და საზოგადოებასთან სწორი ურთიერთობების საბაზისო ცოდნა სწორედ კოლეჯში მივიღე. კოლეჯმა მომცა ასევე დიდი გამბედაობა და სწორ გზაზე დავდექი. კოლეჯმა მომცა ის რას მჭირდებოდა," - ამბობს არლინგტონელი პოლიციელი პატრიცია მალონე.

გარდა იმისა, რომ ჯეი ფარი ​არლინგტონის ოლქის პოლიციის უფროსია, უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობს და ამბობს, რომ პოლიციელებისთვის აუცილებელია მაღალი საფეხურის განათლების მიღება.

"კოლეჯი გვასწავლის თუ როგორ უნდა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ კრიტიკულად. მიღებული განათლება გვაძლევს საშუალებას ვუყუროთ საგნებს და ვიფიქროთ მის მიღმა რა და როგორ შეიძლება იყოს. კოლეჯში სწავლა პოლიციელებს არ დაეხმარება ტექნიკური სამუშაოს შესრულებაში. კოლეჯში სწავლა მათ უფრო კარგ ოფიცრებს გახდის და განათლების მაღალი დონე მათ მისცემს საშუალებას საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში. განათლება მათ დაეხმარება სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებთან სწორ ურთიერთობაში და რაც მთავარია, კოლეჯი მათ საშუალებას მისცემს მომხდარის გაანალიზება სხვადასხვა ასპექტში შეძლონ.

ასევე ნახეთ: "გულწრფელი საჯარო დისკუსია დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი,"- თბილისში აშშ-ის საელჩო

წლების განმავლობაში პოლიციელების ვალდებულებები გაიზარდა და მათ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა უწევთ. სწორედ ამიტომ გეილენ არმსტრონგი, რომელიც ნებრასკის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის სკოლის დირექტორია ამბობს, რომ პოლიციელების სამსახური სრულად არის შეცვლილი იმ ბაზისიდან, რის გამოც თავის დროზე პოლიციის სისტემა შეიქმნა.

"ჩვენ ჩვენს პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ იყვნენ სამართალდამცავები, სოციალური მუშაკები, ფსიქიატრები და ა.შ. მათ ბევრი ვალდებულება აქვთ და ბევრი სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარება უხდებათ. ამერიკაში პოლიცია არის ჩვენი პიველადი რეაგირება ყველა სახის კრიზისის დროს," - ამბობს გეილენ არმსტრონგი.

სწორედ ამიტომ ნერბასკას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პოლიციელებს სჭირდებათ განათლების უფრო დიდი დონე, რათა მათ შეძლონ და გაუმკლავდნენ 21 საუკუნეში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ასევე ნახეთ: როცა ერი დაიბადა - რა აერთიანებს და ჰყოფს ამერიკელებს?

2010 წლის კვლევის მიხედვით, საპოლიციო სისტემაში ამერიკაში კოლეჯის განათლების მქონე პოლიციელების უმრავლესობისგან მოსალოდნელი არ არის, რომ ისინი სამსახურში უფლებამოსილებას გადაამეტებენ და ძალას გამოიყენებენ.

თუმცა, რეალურად შეიძლება თუ არა ეს იყოს გამოსავალი რათა ამერიკელი პოლიციელები უფრო კვალიფიციურები იყვნენ და შემცირდეს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები უცნობია, რადგან რამდენიმე თვის წინ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული 4 პოლიციელიდან სამს კოლეჯი დამთავრებული ჰქონდა.

ის, რომ პოლიციის მიმართ ნდობა შემცირდა ფაქტია და ამას ბევრი ადამიანი აღიარებს, თუმცა ვირჯინიაში, არლინგტონის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ ვითარების შეცვლა თავად სამართალდამცავ ორგანოებს შეულიათ.

​"თქვენ უნდა გახვიდეთ გარეთ, იგივე საქმე აკეთოთ, რასაც ადრე აკეთებდით, უბრალოდ თქვენ უნდა დააჯეროთ საზოგადოება რომ თქვენ იქ ხართ, მუშაობთ აკეთებთ საქმეს და იქ ხართ მათთვის, მათ დასახმარებლად, მათი უსაფრთოხებისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ რომ ჩვენს მიმართ ნდობა აღდგეს," - თქვა ჯეი ფარმა.