ანკარა ევროკავშირს მოუწოდებს „საღ აზრს“ მიმართოს ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი გაზის მოპოვების გარშემო უთანხმოების დასასრულებლად. ბრიუსელი ანკარას სანქციებით ემუქრება.
ანკარაში, უნგრელ კოლეგასთან ერთად პრესკონფერენციაზე საუბრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და რომ გაერთიანების განცხადება, რომ ანკარა დაპირისპირებას აღვივებს, მცდარია.
ასევე ნახეთ: დასავლეთის ქვეყნების უკმაყოფილება თურქეთით ღრმავდება„ისინი სამართლიანი და კეთილსინდისიერნი უნდა იყვნენ. თუ სტრატეგიულად და საღი აზრით იფიქრებენ, არა მარტო ამ სამიტზე, არამედ ყოველთვის, ჩვენ პოზიტიურ ატმოსფეროს შევქმნით და ურთიერთობას გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
7 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა განაცხადეს, რომ თურქეთი არ თამაშობს კონსტრუქციულ როლს საბერძნეთთან და კვიპროსთან ტერიტორიულ წყლებში ბუნებრივი გაზის ძიების გარშემო უთანხმოების დასასრულებლად. ევროკავშირმა სანქციების საკითხი, მომავალ სამიტზე, 10 დეკემბერს უნდა განიხილოს.
„ჩვენ გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ამას ამ სამიტის ან იმის გამო არ ვამბობთ, რომ სანქციები და სხვა რაღაცეები დგას დღის წესრიგში“, - თქვა ჩავუშოღლუმ. „ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ურთიერთობის გაუმჯობესება სრული წევრობის საფუძველზე“, - თქვა მან.
ნატოს წევრები, თურქეთი და საბერძნეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ტერიტორიული წყლების განსაზღვრის საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს უპირისპირდებიან.
დაპირისპირება აგვისტოში გამწვავდა, როცა თურქეთმა საკუთარი გემი ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოებისთვის იმ წყლებში გაგზავნა,რომელსაც საბერძნეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ცოტა ხანში, ევროკავშირის ოქტომბრის სამიტის წინ, ანკარამ გემი დროებით გაიწვია უკან, „სარემონტო სამუშაოების“ მიზეზებით. თუმცა მას შემდეგ, რაც სამიტი თურქეთისთვის არახელსაყრელი შედეგებით დასრულდა, ის უკან გაგზავნა. გასულ კვირას, ანკარამ კიდევ ერთხელ გაიყვანა თავისი გემი „ორუჯ ბარაბაროსა“ უკან. ამ ნაბიჯს ევროკავშირი და ნატო მიესალმა.
ასევე ნახეთ: საფრანგეთი ევროკავშირს თურქეთზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებსევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჩარლს მიშელმა თურქეთი გააფრთხილა ნუ ითამაშებს „კატა-თაგვობანას“ ევროკავშირის სამიტების წინ ხომალდის წყლებიდან გაყვანით და ცოტა ხანში, მისი უკან დაბრუნებით. ანკარა ამბობს, რომ მისი ეს ნაბიჯი დიპლომატიურად უთანხმოების გადაწყვეტისკენ იყო მიმართული, თუმცა საბერძნეთმა და ევროკავშირმა ის არ გაიზიარეს.
ევროპარლამენტი, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უჭერს მხარს. საფრანგეთი ამ მცდელობის სათავეშია და მომავალ სამიტზე მის გატანას შეეცდება. საპასუხოდ, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ შეურიგდება „მუქარას და შანტაჟს“, და იქვე დიალოგისკენ მოუწოდა.