ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, საბოლოოდ, საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა.
სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად უკვე ჩაითვალოს, დავითაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე დაზუსტების შემდეგ, სავარაუდოდ, მისი გამარჯვებულად გამოცხადება, რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება. მინისტრის განმარტებით, რადგან განაცხადი სრულყოფილადაა შევსებული, დიდი შანსია, რომ კომისიამ ის გამარჯვებულად გამოაცხადოს.
Your browser doesn’t support HTML5
„წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა, ეს არის კომპანია CCC [China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore)], რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქრორი CRBC [China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd] და Chingao Port International. უახლოეს ხანებში გვექნება კომისიის მიერ წინადადებების შეფასება და უახლოეს რამდენიმე დღეში გამოვავლენთ გამარჯვებულს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძეც, და თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სურვილს, უარი თქვას დასავლურ ინვესტიციებსა და ბიზნეს პარტნიორობაზე.
"რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად, ჩვენთვის, ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა. დღეს კი, ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ პროექტში $75 მილიონის ინვესტიცია აქვს ჩადებული, აქედან 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მის დამფუძნებლებს - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს. კონსორციუმი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დაობს.
ასევე ნახეთ: როგორ ხედავს ვაშინგტონი საქართველოს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში?„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება, "საკონტროლი პაკეტი" კი სახელმწიფოს.
2023 წლის სექტემბერში ეკონონიმიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გამოაცხადა, რომ პორტის 49%-იანი წილის ფლობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა, მათგან ორი კონსორციუმი კი ფინალურ ეტაპზე გადავიდა: ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმი.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა დღეს, 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათგან წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.
გასული წლის ოქტომბერში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა, ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილებოდა, ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, - "კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა ანაკლიაში. როგორც ვიცი, ამ ტენდერში არის ორი ფინალისტი. პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და ასევე დასავლური კონსორციუმი".
ასევე ნახეთ: "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა" - ჯონასი