მთავრობამ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს უნდა გადახედოს - "საერთაშორისო ამნისტია", "ჰიუმან რაითს უოჩი"

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო. მზია საგანელიძის ფოტო, "რადიო თავისუფლება".

უფლებადამცველი ორგანიზაციები "საერთაშორისო ამნისტია" და "ჰიუმან რაითს უოჩი" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამ მიზეზით შესაძლო გათავისუფლების საკითხზე განცხადებას აქვეყნებენ. განცხადება 2 მარტით თარიღდება.

საერთაშორისო უფლებადამცველთა განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ექსპრეზიდენტს "ადექვატურ სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნება, რითიც მას სიკვდილის, მუდმივი ქმედუუნარობის, ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი დაზიანების სერიოზულ რისკს უქმნის".

ასევე ნახეთ: სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა შესაძლებელია - პოლონეთის პრემიერი

დენის კრივოშივი, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე "საერთშორისო ამნისტიაში", აცხადებს: "მიხეილ სააკაშვილისთვის ადექვატურ სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა, შესაძლოა უდრიდეს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ, ან დამაკნინებელ მოპყრობას და მის სიცოცხლეს სერიოზულ რისკს უქმნის". მისი თქმით, სიკვდილის შემთხვევაში, ეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევა იქნება.

უფლებადამცველები ითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ "დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის - სამედიცინო მისაზრებებზე დაფუძნებით, განიხილოს მისი გათავისუფლების საკითხი". საქართველოში სერიოზული დაავადებების მქონე პატიმრების გათავისუფლება კანონით დაშვებულია, თუმცა მსგავსი რამ იშვიათად ხდება - ნათქვამია განცხადებაში. "პატიმრობის განაჩენი არ უნდა ნიშნავდეს სიკვდილის განაჩენს, როცა დაავადებები, რომლებიც განკურნვადია, ტრაგიკულად ფატალური ხდება" - აცხადებს ჰიუ უილიამსონი, ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორი ორგანიზაციაში "ჰიუმან რაითს უოჩი".

უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებაში საქართველოს მთავრობის პოზიციაც არის გამოკვეთილი. მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნებზე პასუხად, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მან თავადვე გამოიწვია, რამდენჯერმე შიმშილის გამოცხადებით. მთავრობა იმეორებს, რომ ექსპრეზიდენტი თბილისის კერძო კლინიკა "ვივამედში" ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს.

Your browser doesn’t support HTML5

მაკფოლი: თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა ეს იქნება ის, რითაც საქართველო მსოფლიოს დაამახსოვრდება