კანონიერი სტატუსის არმქონე იმიგრანტების მიმართ ამერიკელთა განწყობა შეიცვალა

„როიტერ/იპსოსის“ გამოკითხვის თანახმად, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, ამერიკელებს აშშ-ში უკანონოდ მცხოვრები იმიგრანტების მიმართ ნაკლებად კეთილმოსურნე დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ აშფოთებთ მკაცრი ზომები, როგორიცაა დაკავების ბანაკების გამოყენება მასიური დეპორტაციის ძალისხმევისთვის, რის პირობაც ტრამპმა დადო.

5-10 დეკემბერს ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 33 პროცენტმა თქვა, რომ კანონიერი სტატუსის არმქონე იმიგრანტთა უმეტეს წილს აშშ-ში დარჩენის ნება უნდა მიეცეს. 2017 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში პირველი ვადით შევიდა, ასეთი პასუხი 39 პროცენტმა გასცა.

ასევე ნახეთ: მექსიკა-ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთაზე დაკავებულები, მეტწილად, დეპორტაციას დაექვემდებარებიან

მათი წილი, ვინც თქვა, რომ უკანონო იმიგრანტთა უმეტესობამ აშშ უნდა დატოვოს, 53 პროცენტით მეტწილად სტაბილური იყო. შედარებისთვის, 2017 წელს მათი წილი 51 პროცენტი იყო.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმიგრაციაზე ბევრი ამერიკელის შეხედულება ზომიერად გამკაცრდა, თუმცა ასევე მიანიშნებს ტრამპისთვის პოტენციურ პოლიტიკურ რისკებზე, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ ტრამპი რამდენად აგრესიულად შეუდგება თავისი დეპორტაციის კამპანიის განხორციელებას.

გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტი დაეთანხმა ფორმულას, რომ „უკანონო იმიგრანტები უნდა დააპატიმრონ და დაკავების ბანაკებში მოათავსონ, სანამ დეპორტაციის საკითხზე მოსმენას ელიან“. ფორმულას არ დაეთანხმა 53 პროცენტი. 17 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.