თურქეთში დაპატიმრებული ამერიკელი პასტორი შინა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლო დღეს განახლდა. ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ჯერ ციხეში, შემდეგ კი შინაპატიმრობაში გატარებული დრო გაითვალისწინა და გაათავისუფლა.
ბრანსონი დაპატიმრების დღიდან ყველა ბრალდებას უარყოფდა. მისი დაკავება ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის უკიდურესი დაძაბვის მიზეზი გახდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ანკარამ დაპატიმრებული ამერიკელი მღვდლის ციხიდან გაშვებაზე უარი თქვა.
ენდრიუ ბრანსონს თურქეთი 2016 წლის ამბოხის მცდელობაში ბრალდებულ ჯგუფებთან კავშირში - ე.წ. გიულენისტებთან ურთიერთობაში და მათ დახმარებაში სდებდა ბრალს. შპიონაჟის ბრალდებით, მას ციხეში შესაძლოა 35 წელი გაეტარებინა. პასტორი თურქეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა ცოლთან და სამ შვილთან ერთად. იზმირის ერთ-ერთ ეკლესიაში მუშაობდა და მისი მრევლი ორ ათეულ ადამიანს არ აღემატებოდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაგმო ბრენსონის ტერორიზმის ბრალდებით გასამართლება. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობდა, რომ შესაძლოა თურქეთი მის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას დათანხმებოდა, რათა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კრიზისი დაესრულებინა. რამდენიმე მედიასაშუალების ცნობით, ამერიკამ თურქეთთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც, აშშ სანქციების ნაწილს გააუქმებდა იმის სანაცვლოდ, რომ ანკარა ბრანსონს ბრალდებებს მოუხსნიდა. სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთი შეთანხმების არსებობას არ ადასტურებდა, თუმცა ვაშინგტონში დღევანდელ პროცესამდე ფრთხილი ოპტიმიზმით გამოითქვა შეფასებები იმის შესახებ, რომ ბრანსონი შესაძლოა გათავისუფლებულიყო.