ამერიკა ქალების მიერ ხმის უფლების მოპოვების 100 წლისთავს აღნიშნავს

ამერიკელი ფემინისტები, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აქტიურად იბრძოდნენ გენდერული თანასწორობის მოსაპოვებლად, მათ შორის, ქალებისთვის ხმის უფლების მისაღებად, წელს იუბილეს ზეიმობენ. ზუსტად 100 წლის წინ, ქალებმა ამერიკაში კონსტიტუციის მე-19 შესწორების თანახმად, ხმის უფლება მიიღეს.

ეს ცვლილება კონგრესში 1878 წელს წარადგინეს, თუმცა მის დამტკიცებას და შტატების 3/4-ის მიერ რატიფიცირებას 40 წელზე მეტი დასჭირდა.

1918 წელი, ვაშინგტონი

ქალთა მიერ ხმის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლის დაწყების ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა 1848 წელს სენეკაში, ნიუ-იორკში გამართული, ქალთა უფლებების შესახებ პირველი კონვენცია იყო. ღონისძიებას, რომელიც მეთოდისტურ ეკლესიაში გაიმართა, 300 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მათგან არც ერთი არ იყო ფერადკანიანი ქალი. ეკლესია ახლა ქალთა უფლებების ეროვნული ისტორიული პარკის ნაწილია და მას ქალთა უფლებების მოძრაობის დაბადების ადგილად მიიჩნევენ.

ასევე ნახეთ: ამერიკელების უმეტესობა თვლის, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო გენდერული თანასწორობისთვის


სწორედ ამ ღონისძიებაზე სენეკა ფოლსში შეადგინეს "სენტიმენტების დეკლარაცია", დოკუმენტი, რომელიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას მოითხოვდა, მათ შორის, ხმის უფლების საკითხშიც.

"სენტიმენტების დეკლარაცია" ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მსგავსად იყო შედგენილი, თუმცა სიტყვები "ყველა კაცი თანასწორადაა შექმნილი", შეიცვალა სიტყვებით "ყველა კაცი და ქალი თანასწორადაა შექმნილი".

ისტორიკოსები ამბობენ, რომ აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის მამაკაცებმა ხმის უფლება მხოლოდ 1870 წელს მიიღეს, კონსტიტუციის მე-15 ჩასწორებით. თავად ქალთა მოძრაობაშიც კი თეთრკანიანი ქალები ნაკლებად რთავდნენ და არ იბრძოდნენ შავკანიანი ქალების გვერდით. შავკანიანი ქალები კი პარალელურ მოძრაობებს აყალიბებდნენ და ამავე უფლებებისთვის იბრძოდნენ.

ზოგიერთ შტატს ჰქონდა კანონმდებლობა, რომელიც სუფრაჟისტების მოთხოვნებს შეესაბამებოდა, თუმცა ქალთა მოძრაობის აქტივისტებს სურდათ, რომ საერთო ეროვნულ დონეზე მიღებული ყოფილიყო ცვლილება, რომელიც იტყოდა: "ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა უფლებები არ იქნება უარყოფილი ან შეზღუდული ამერიკისა თუ რომელიმე შტატის მიერ სქესის ნიშნით".